ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა თქვა, რომ ირანში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახადა მას შემდეგ, რაც თეირანმა ისრაელის იერიშების ფონზე მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა შეუზღუდა.

ამის შესახებ მასკი X-ზე სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის პასუხად წერს.

ცნობისთვის, 13 ივნისს ირანის კომუნიკაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ სიტუაციის გამო "ქვეყნის ინტერნეტზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა", რის შედეგადაც ირანელებს ინტერნეტში უცხოურ საინფორმაციო წყაროებზე წვდომა შეეზღუდათ.

ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ისრაელმა თეირანში სამხედრო ობიექტებზე იერიში დაიწყო.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვება განაახლა.

ირანული ბალისტიკური რაკეტა ისრაელში ქალაქ ტამრაში იორსართულიან სახლს მოხვდა, რასაც ერთი ქალი ემსხვერპლა, 13 სხვა ადამიანი კი დაშავდა.

13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, რამდენიმე ირანული რაკეტა თელ-ავივის ცენტრში ჩამოვარდა.

შემდგომ, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები ხელახლა გაუშვა, ხოლო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ირანის დედაქალაქში, თეირანში ისრაელის იერიშების მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო გააქტიურებული და აფეთქებების ხმა ისმოდა.

tabula.ge