ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის კუთვნილი თანამგზავრი Starlink-ი დედამიწის ორბიტაზე მოულოდნელად დაიშალა. ინციდენტმა კოსმოსში უამრავი ნამსხვრევი წარმოქმნა, რაც, მეცნიერების შეფასებით, შესაძლოა „სასიკვდილო საფრთხედ“ იქცეს NASA-ს ასტრონავტებისთვის.
"დაუგეგმავი დაშლა" ორბიტაზე
კოსმოსური ნაგვის მონიტორინგის კომპანია LeoLabs-ის ანგარიშის მიხედვით, შემთხვევა 2026 წლის 29 მარტს მოხდა. თანამგზავრი ნომრით 34343 დედამიწიდან დაახლოებით 560 კილომეტრის სიმაღლეზე ნაწილებად დაიშალა.
აღსანიშნავია, რომ აპარატი ორბიტაზე სულ რაღაც ერთი წლის წინ, 2025 წლის მაისში გაუშვეს. SpaceX-ში მომხდარს ირონიულად „სწრაფი დაუგეგმავი დაშლა“ უწოდეს, რამაც სამეცნიერო წრეების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.
"ნაღმების ველი" კოსმოსში
სპეციალისტების თქმით, მთავარი საფრთხე სწორედ კოსმოსური ნაგავია. მცირე ფრაგმენტები ატმოსფეროში რამდენიმე კვირაში დაიწვება, თუმცა მსხვილი ნაწილები ორბიტაზე წლების განმავლობაში დარჩება. ეს ქმნის ერთგვარ „ნაღმების ველს“ ნებისმიერი კოსმოსური ხომალდისთვის.
სკანდალურია ის ფაქტიც, რომ თანამგზავრის დაშლა დაემთხვა მისია Artemis II-ის მზადების პროცესს. ეს არის ისტორიული მისია, რომელმაც ნახევარი საუკუნის შემდეგ ასტრონავტები მთვარეზე უნდა გაგზავნოს.
კონსტრუქციული ხარვეზი თუ შემთხვევითობა?
მიუხედავად იმისა, რომ SpaceX უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა, ასტროფიზიკოსი ჯონათან მაკდაუელი სკეპტიკურადაა განწყობილი:
"თუ Starlink-ის თანამგზავრები კონსტრუქციული ხარვეზის გამო იშლება, მაშინ რისკები კატასტროფულად იზრდება“.
ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, იყო ეს შიდა გაუმართაობა თუ სხვა ობიექტთან შეჯახება. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის - ანალოგიური ინციდენტი 2025 წლის დეკემბერშიც დაფიქსირდა.
ბუნებრივი "ფარი" მთვარისთვის
ამ ფონზე, მეცნიერებმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს: დედამიწასა და მთვარეს შორის არსებობს ე.წ. „კოსმოსური სიცარიელე“ - დაბალი რადიაციის ზონა, რომელიც დედამიწის მაგნიტოსფეროს ზემოქმედებით იქმნება. ეს ზონა ბუნებრივი ფარის როლს ასრულებს და მთვარის ზედაპირს სახიფათო კოსმოსური გამოსხივებისგან ნაწილობრივ იცავს, რაც მომავალი მისიების წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.