„კვარაცხელია სხვა სამყაროდან მოვიდა, მაგრამ, როგორც გლადიატორმა, თავისი მაინც გაიტანა“, – ამის შესახებ მარჯანიშვილის თეატრში მიმდინარე საღამოზე (Golden Week of Football Tbilisi) ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა.

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი, თბილისს „ოქროს ბურთის“ ნომინანტის, ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად გამართულ საღამოზე დასასწრებად, საგანგებოდ ესტუმრა.

„სიმართლე გითხრათ, პირველად კვარაცხელია რომ ვნახე, დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ვიცოდი, რომ დიდი ენერგია და ამბიცია ჰქონდა. ის სულ სხვა სამყაროდან, ბათუმის „დინამოდან“ მოდიოდა, მაგრამ ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ და, როგორც გლადიატორმა ეტლებითა და ცხენებით, თავისი მაინც გაიტანა.

ასე რომ, დღეს ის ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. შემთხვევითი არ არის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულშია, სადაც მოხვედრა იოლი სულაც არ გახლავთ. მან წლიდან წლამდე ხარისხობრივი ნახტომი გააკეთა და ჩვენ მისი საოცარი განვითარების მომსწრენი გავხდით. ვფიქრობ, ახლა თუ არა, ხვიჩა „ოქროს ბურთს“ მომავალში მაინც მოიგებს“, – განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ.

აქამდე „ოქროს ბურთის“ ნომინანტად 6 ქართველი მოთამაშე (მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, რამაზ შენგელია, დავით ყიფიანი) დასახელდა. თუმცა, ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების რეალური შანსი აქვს.

1tv.ge