როგორც წესი ტანსაცმლის საწარმოში შესვლისას თვალში მოგხვდებათ ქსოვილის დიდი რულონები და თარგების მიხედვით გამოჭრილი დეტალები. თუმცა, მკლავების, საყელოებისა და გვერდითა ნაკერების მორგებისას ქსოვილის ნაწილები ერთმანეთს იდეალურად არასოდეს ერგება. შედეგად ყოველთვის რჩება პატარა ნაფლეთები, რომლებსაც ინდუსტრიაში გამოჭრის ნარჩენებს უწოდებენ. მომხმარებლების უმრავლესობა ამაზე საერთოდ არ ფიქრობს, რადგან ეს პროცესი მაღაზიამდე ბევრად ადრე ხდება. გამოჭრისას ქსოვილის 10-15%-მდე იკარგება. ეს დანაკარგი მტკივნეულია როგორც ფინანსურად, ისე ეკოლოგიურად, რადგან ქსოვილი სამოსის ღირებულების თითქმის 70%-ს შეადგენს, ხოლო თითოეული გადაყრილი ნაჭერი ფლანგავს იმ წყალს, ენერგიასა და ნახშირორჟანგის რესურსს, რაც მის წარმოებას დასჭირდა.

ამ პრობლემის ნულამდე დაყვანას სტარტაპი Shelly Xu Design ცდილობს. თხუთმეტკაციანი გუნდი ქმნის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროგრამას, რომელიც თარგებს ისე გადააწყობს, რომ ისინი პაზლის ნაწილებივით იდეალურად მოერგონ ერთმანეთს. რაც მთავარია, ტექნოლოგია ქარხნებს მუშაობის ძველი სტილის შეცვლას არ სთხოვს და არსებულ სისტემაში მარტივად ინტეგრირდება. კერვის პროცესი უცვლელი რჩება, თარგები კი იღებს ისეთ ფორმას, რომ ქსოვილზე ნაკლები ადგილი დაიკავოს.
სტარტაპის დამფუძნებლის შელი სუს ეს იდეა სათავეს მისი ბავშვობიდან იღებს. ის ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, პატარა ბინაში გაიზარდა, სადაც ცხოვრების თითოეული დეტალის მორგება ყოველდღიურ თავსატეხს ჰგავდა. ოჯახი ყოველდღე კეცავდა საძინებელ ლეიბებს სივრცის გამოსათავისუფლებლად და პროდუქტებსაც მხოლოდ უახლოესი რამდენიმე კერძისთვის ყიდულობდა. ამავე დროს, ის უყურებდა, როგორ იქცეოდა მწვანე სივრცეები ნაგავსაყრელებად, რამაც ნარჩენების მავნე გავლენა ადრეულ ასაკშივე დაანახა.
ტექნოლოგიის გამოსაცდელად მან საკუთარი ხელით შეკერა ორასი სამოსი და ინსტაგრამზე განათავსა. კოლექცია მომენტალურად გაიყიდა. დიზაინერი განზრახ არ უსვამდა ხაზს ეკოლოგიურობას, რადგან სურდა დაემტკცებინა, რომ დიზაინი თავისთავად უნდა ყოფილიყო კარგი და მიმზიდველი, ნარჩენების ნულოვანი მაჩვენებელი კი ამის დამატებითი ბენეფიტი ყოფილიყო.
წარმატებამ დაარწმუნა, რომ იდეა მომგებიან ბიზნესად უნდა ექცია. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის დასრულების შემდეგ, მისმა სტარტაპმა უნივერსიტეტის ინოვაციების კონკურსში მთავარი პრიზი მოიპოვა. პროფესორების დახმარებით მან კავშირი დაამყარა ტოკიოს უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებთან, რამაც პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას დაუდო საფუძველი.

მათემატიკური ამოცანა
სამოსის გამოჭრისა და შეკერვის პროცესი დღესაც საკმაოდ ძველმოდურია. ქარხნების უმრავლესობა საუკუნოვან თარგებს იყენებს. შელი სუ ამას მათემატიკურ გამოწვევად მიიჩნევს. მისი პროგრამა ზუსტად ზომავს ქსოვილის ფართობს და დეტალბს ისეთ უჩვეულო კონფიგურაციაში ალაგებს, რომ ნარჩენები 1%-მდე ან უფრო ნაკლებამდე მცირდება.

ჩანთებიდან ავტომობილის სავარძლებამდე
სტარტაპის ერთ-ერთი პირველი პარტნიორი ჰარვარდის წიგნის მაღაზია გახდა. მათთვის დამზადდა ბრენდირებული ჩანთები, რომელთა სახელურები და შიდა ჯიბეები იმ ნარჩენებისგან შეიკერა, რომლებიც ჩვეულებრივ გადაიყრებოდა. ჩანთამ 30%-ით ნაკლები მასალა აითვისა და სრულად გაიყიდა, რასაც მაისურებისა და წინსაფრების წარმატებული კოლექციებიც მოჰყვა. უახლოეს პერიოდში კომპანია პროდუქციას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისთვისაც დაამზადებს.
გარდა ამისა, სუ საავტომობილო ინდუსტრიაშიც შედის. მანქანის სავარძლების ქსოვილი იმდენად ძვირია, რომ მწარმოებლები თითოეულ პროცენტს უფრთხილდებიან. თუ მომწოდებლებისთვის 1%-ის დაზოგვაც კი გამარჯვებაა, სტარტაპმა აჩვენა, რომ მას მასალის 20%-ზე მეტის შენარჩუნება შეუძლია, რაც უზარმაზარი ფინანსური შეღავათია.
წყარო: Fastcompany, www.marketer.ge