საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის  „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები კახეთის რეგიონში გამოვლინდნენ.

გამარჯვებული პროექტები:

  • Aitomo - სტარტაპი მიზნად ისახავს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) ანალიზის პროცესის სრულ ავტომატიზაციას AI-ის გამოყენებით.
  • პოვო - პროექტის მიზანია დაეხმაროს ბიზნესებს მომხმარებლების ლოიალობის გაზრდასა და ხელახლა მოზიდვაში Punch Card (შტამპების ბარათის) პრინციპზე აგებული მობილური აპლიკაციის საშუალებით.
  • LocalFriend - პროექტი მიზნად ისახავს ინოვაციური ტურისტული პლატფორმის შექმნას, რომელიც სოლო მოგზაურებს დააკავშირებს ადგილობრივ ადამიანებთან და შესთავაზებს ავთენტურ გამოცდილებებს უსაფრთხო, ტექნოლოგიურად განვითარებულ გარემოში.
  • მემამულე - სტარტაპის მიზანია, მცირე და საშუალო ფერმერებისთვის აგრონომიული ცოდნა და ტექნოლოგია ხელმისაწვდომი გახადოს და დაეხმაროს მათ მიწის სრული პოტენციალის გამოვლენაში.
  • Sealedu - AI-ზე დაფუძნებული სწავლების სისტემა, სადაც ხელოვნური ინტელექტი ხდება პირადი პერსონალიზირებული მასწავლებელი თითოეული სტუდენტისთვის.

რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს აღნიშნული პროგრამა უკვე განხორციელდა საქართველოს 9 რეგიონში და გამოვლინდა 31 გამარჯვებული პროექტი. მათ შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პორტალზე: gita.gov.ge.

მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 5 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge  მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით. შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა  ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. არარეგისტრირებულმა პირმა, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.


ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს