ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ჯანდაცვაში ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის პერსონალის დეფიციტის საკითხები მოაგვაროს.
„მსოფლიოში 4.5 მილიარდ ადამიანს, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს, არ აქვს წვდომა ჯანმრთელობის საბაზისო დაზღვევაზე. 2030 წლისთვის ჯანდაცვის პერსონალის გლობალური დეფიციტი 11 მილიონს მიაღწევს. ამავდროულად, ჩვენ ვდგავართ ჯანდაცვაში ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის ზღვარზე, რომელიც გვპირდება ამ პრობლემების მოგვარებას“, - აცხადებს ჰანს კლუგე.
ჯანმო-ს მიმოხილვის თანახმად, 50 ქვეყნიდან მხოლოდ 4-ს აქვს ჯანდაცვაზე ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგია. ქვეყნების 25%-ზე ნაკლები უზრუნველყოფს ჯანდაცვის პერსონალისთვის ხელოვნური ინტელექტის ტრენინგებს. წევრი ქვეყნების 86%-ში (ანუ 50-დან 43-ში) ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მთავარ დაბრკოლებად სამართლებრივი გაურკვევლობაა დასახელებული, 78%-ში (50-დან 39-ში) ფინანსური შეზღუდვები, ხოლო ქვეყნების 64%-ში (50-დან 32-ში) ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დიაგნოსტიკა უკვე გამოიყენება.
კლუგეს თქმით, ეს მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია ჯანდაცვაში უკვე დაწყებულია, თუმცა მზადყოფნის, შესაძლებლობებისა და მმართველობის დონე არათანაბარია. „მთელს ევროპაში ხელოვნური ინტელექტი უკვე ახდენს დაავადებების დიაგნოსტირებას, ჯანმრთელობის რისკების პროგნოზირებას და პაციენტების იმ სერვისებთან დაკავშირებას, რაც ოდესღაც მიუწვდომლად მიიჩნეოდა. თუმცა, ტექნოლოგია უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენს მიერ მისი მართვის უნარი“, - ხაზგასმით აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა იმართებოდეს მიზანმიმართულად - ის „უნდა იყოს უსაფრთხო, ეთიკური და ადამიანის უფლებების პატივისცემით“. ასევე აუცილებელია ინვესტირება ადამიანებში, მონაცემთა ძლიერი ეკოსისტემების შექმნა და საერთაშორისო თანამშრომლობა. „ხელოვნურმა ინტელექტმა საზღვრები არ იცის და ისინი ჩვენმა თანამშრომლობამაც არ უნდა იცოდეს“, - დაასკვნა ჰანს კლუგემ.