საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ეკონომიკურ ფორუმში - „საფინანსო სექტორი 2025: შესაძლებლობები და გამოწვევები“ მიიღო მონაწილეობა.

ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიისას სებ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაკროეკონომიკური ფაქტორები ჯანსაღია როგორც ეროვნული ბანკის, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებით.

"ჩვენი ეკონომიკა გამორჩეულ მდგრადობას ინარჩუნებს. მაღალია ეკონომიკური ზრდა და ასევე სახეზეა ზრდის ტემპის ნორმალიზებაც. ის ეტაპობრივად უბრუნდება თავის გრძელვადიან ტრენდს. არ შეიძლება ზრდა ყოველთვის ორნიშნა იყოს, თუ ძლიერი ახალი ფაქტორი არ გამოიკვეთა. სებ-ის პროგნოზით, ზრდა წელს 7,4%-ია. წამყვანმა საფინანსო საერთაშორისო ორგანიზაციებმაც გადახედეს მშპ-ს პროგნოზს ზრდის მიმართულებით, რაც 7-8 %-ს შორის მერყეობს. თუ შევადარებთ რეგიონს, ფართო რეგიონს, შუა დერეფანს, ევროკავშირის სამხრეთ ნაწილს და კანდიდატ ქვეყნებს, ეს არის ერთ-ერთი გამორჩეულად მაღალი მაჩვენებელი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი შეფასებით, ეროვნული ბანკისა და საფინანსო სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა არ ქმნის დამატებით წნეხს ინფლაციასთან მიმართებით. ეს მაჩვენებელი კი მეტნაკლებად პროგნოზის ფარგლებში ნარჩუნდება.

"მოგეხსენებათ, გვქონდა დაბალი ინფლაცია - საშუალოდ 1,1%, რაც მიზნობრივ მაჩვენებელზე 3-ჯერ ნაკლები იყო. გვქონდა მოლოდინი, რომ წელს ინფლაცია უფრო მაღალი იქნებოდა. რამდენიმე ერთჯერადი ფაქტორიც დაფიქსირდა, რამაც თავისი კონტრიბუცია შეიტანა ინფლაციის ზრდაში. ამავდროულად, ველოდებით, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც და მომავალ წელსაც ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება“, - განაცხადა მან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა საფინანსო სექტორზე და ხაზი გაუსვა მის მდგრადობას მიმდინარე შოკებთან მიმართებით. მისი თქმით, სექტორი არის მაღალკაპიტალიზირებული, შექმნილია საკმარისი კაპიტალის ბუფერები, ლიკვიდობის დონე და აქტივების ხარისხი მაღალია, ე.წ. უმოქმედო სესხების მაჩვენებელი კი მთელ პორტფელში ისტორიულად დაბალ, 2,6% - იან დონეზე ნარჩუნდება.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, გლობალური გაციფრულების ტრენდში ქართული ბანკები და არასაბანკო საფინანსო სუბიექტები რეგიონში მოწინავე პოზიციებზე არიან. მისივე თქმით, მარეგულირებლისთვის გამოწვევაა კიბერუსაფრთხოება, მომხმარებლისთვის კი ბენეფიტს კონკურენცია, ახალი პროდუქტები და მეტი კომფორტი წარმოადგენს.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა საბანკო სექტორის მომგებიანობას და მის როლს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჭრილში. მან ასევე ყურადღება გაამახვილა დაფინანსების არხების დივერსიფიკაციაზე და აღნიშნა, რომ რეგიონალიზაცია არის პასუხი გლობალურ ფრაგმენტაციაზე.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პრეფერენციებში დარგობრივად ნომერ პირველია საფინანსო სექტორი და დიდი ბრიტანეთი. ეს პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ორი დიდი ბანკის ვაჭრობასა და მიმზიდველობასთან ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ჩვენ გავაჩინეთ ხელმისაწვდომობა გლობალურ საფინანსო ბაზრებზე, რაც ნიშნავს, რომ უცხოელი ინვესტორები ენდობიან ჩვენს ეკონომიკას, ეროვნულ ვალუტას და ლარში დენომინირებული ინსტრუმენტებიც სულ უფრო მეტად ჩნდება“, - განაცხადა მან.

პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. ღონისძიებას მოდერატორობდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

დისკუსიაში ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.