2026 წლის 12 იანვრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს  ახალი ევროპული მიმართულება - ბრატისლავა ემატება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, სლოვაკეთის დედაქალაქის მიმართულების დამატება შესაძლებელი გახდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და Wizz Air-ს შორის ინტენსიური და წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად.

,,ბრატისლავას მიმართულების დამატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავიამიმართულებების დივერსიფიკაციის კუთხით. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-თან თანამშრომლობა წლიდან წლამდე ძლიერდება, რაც საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. ბრატისლავა თავისი სტრატეგიული მდებარეობით , ევროპის შუაგულში, ბუნებრივად იქცევა რეგიონული მიმოსვლის მნიშვნელოვან ჰაბად. ქალაქი დაახლოებით 1 საათის სავალზეა ვენასთან და გამორჩეულად მარტივ კავშირს ქმნის ცენტრალური ევროპის სხვა უმნიშვნელოვანეს ქალაქებთანაც. 

სწორედ ეს გეოგრაფიული უპირატესობა აძლიერებს ბრატისლავას მნიშვნელობას როგორც მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებას, ისე თანამედროვე ავიაკავშირის სტრატეგიულ ცენტრს,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა. 

ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს. ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია. 

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს