საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ფრანგული ავტომწარმოებელი, თავდაცვის კომპანიასთან თანამშრომლობით, უკრაინაში დრონების წარმოებას დაიწყებს.
„ვიწყებთ სრულიად ახალ პარტნიორობას, რომლის ფარგლებშიც მსხვილი ფრანგული საავტომობილო კომპანია გააერთიანებს ძალებს ფრანგულ მცირე ან საშუალო თავდაცვის საწარმოსთან, რათა უკრაინაში დრონების წარმოებისთვის წარმოების ხაზები ააწყონ“, - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.
მან დრონების ტიპი არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იქნება განკუთვნილი.
ლეკორნუმ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული დრონები მისი ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რათა მათ „მუდმივი ტაქტიკური და ოპერატიული მზადყოფნა ჰქონდეთ, რომელიც უკრაინაში ომის რეალობას შეესაბამება“.
„საჭირო არ არის, საფრანგეთის მოქალაქეებს უკრაინაში წარმოების ხაზზე მუშაობა ვთხოვოთ. უკრაინელები ჩვენზე უკეთესები არიან დრონების შემუშავებაში და, რაც მთავარია, მათი გამოყენების დოქტრინის ჩამოყალიბებაში“, - აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.