სააგენტო Reuters ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ ბირთვული ტექნიკის მიმწოდებლებისთვის ჩინეთში პროდუქციის გაყიდვის ლიცენზიები შეაჩერა.
გადაწყვეტილება აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა მიიღო და ის ბირთვული ელექტროსადგურებისთვის საჭირო ნაწილებისა და აღჭურვილობის ექსპორტს ეხება.
ვაჭრობის დეპარტამენტმა კომენტარზე უარი განცხადა, თუმცა 28 მაისს დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დეპარტამენტი ჩინეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქციის ექსპორტის საკითხს განიხილავდა.
"ზოგ შემთხვევაში დეპარტამენტმა შეაჩერა უკვე მოქმედი ექსპორტის ლიცენზიები ან დააწესა დამატებითი მოთხოვნები, სანამ განხილვა მიმდინარეობს". - განაცხადა წარმომადგენელმა.
აშშ-ს ბირთვული ტექნიკის მომწოდებლებს შორის კომპანიები Westinghouse და Emerson არიან. Westinghouse-ის ტექნოლოგია მსოფლიოს 400-ზე მეტ ბირთვულ რეაქტორში გამოიყენება, ხოლო Emerson ბირთვული ინდუსტრიისთვის საჭირო საზომ მოწყობილობებსა და სხვა ტექნიკას აწარმოებს.
წყაროების ინფორმაციით, ლიცენზიის შეჩერება ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ბიზნესს ეხება.
მანამდე, 2 ივნისს, ჩინეთის სავაჭრო სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-მ სავაჭრო შეთანხმება "მძიმედ დაარღვია" და პეკინი საკუთარი ინტერესების დასაცავად მკაცრ ზომებს მიმართავს.
სამინისტროს პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს ქმედებები წინააღმდეგობრივია იმ შეთანხმებისა, რომელიც ჩინეთის ლიდერ სი ძინფინგსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის იანვარში გამართული სატელეფონო საუბრისას იქნა მიღწეული.