გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, სრულად დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს აშშ NATO-ში დარჩება. მანვე აღნიშნა, რომ ტრამპთან შეხვედრის დროს აშშ-ს პრეზიდენტმა NATO-ს დატოვებაზე დასმულ კითხვას "მკაფიო არა" უპასუხა.
ამის შესახებ მერცმა ტრამპთან ოვალურ ოფისში შეხვედრის შემდგომ დღეს ბერლინში გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარკაა.
"არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ ამერიკული მთავრობა NATO-ს ერთგულია. [...] კითხვა დაისვა, ჰქონდა თუ არა [ტრამპს] რაიმე გეგმა, რომ NATO დაეტოვებინა - პერიფრაზს ვაკეთებ - და ამას პასუხად გაეცა ძალიან მკაფიო "არა". ამის შესახებ არანაირი დამატებითი კომენტარი არ ყოფილა, არც შემდგომ ლანჩზე". - თქვა მერცმა.
მერცმა დახურულ კარს მიღმა დიალოგის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. მისივე თქმით, ახლა ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს, რათა თავისი ვალდებულებები შეასრულოს.
"რა თქმა უნდა, ჩვენ სიღრმისეულად ვილაპარაკეთ სამ დიდ საკითხზე, რომელიც ამჟამად გვაწუხებს: ომი უკრაინაში, სავაჭრო პოლიტიკა და NATO-ს მომავალი". - თქვა მერცმა.
გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ევროპის ქვეყნებმა NATO-ში საკუთარი შეტანილი წვლილი უნდა გაზარდონ და მიუთითა, რომ აშშ-ს სამხედრო შესაძლებლობაზე დამოკიდებულება შეცვლილ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში ვეღარ შენარჩუნდება.
"დიდი ხნის განმავლობაში სხვის ხარჯზე ვხეირობდით ამერიკული უსაფრთხოების გარანტიებით. ეს ახლა იცვლება". - თქვა მერცმა.
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ალიანსის წევრებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ აქტიურად მოუწოდებს. ტრამპი მიიჩნევს, რომ NATO-ს წევრები მშპ-ს 5%-ს უნდა ხარჯავდნენ თავდაცვაზე.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ გერმანია მზადაა, თავდაცვის ხარჯი მშპ-ს 5%-მდე გაზარდოს, რითაც იგი მიემხრო აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივას NATO-ს ქვეყნების თავდაცვის ხარჯის გაზრდის თაობაზე.
"გერმანია მზადაა და შეუძლია, ვალდებულებები შეასრულოს." - თქვა ვადეფულმა 15 მაისს თურქეთში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დროს. მისი თქმით, ტრამპმა 5% ითხოვა "და ჩვენ მივყვებით მას."
მანამდე, 14 მაისს, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგს განუცხადა, რომ მისი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი ბუნდესვერის (გერმანიის ჯარის) ევროპის ყველაზე ძლიერ არმიად გარდაქმნა იქნება, რათა რუსეთის მხრიდან მზარდ საფრთხესთან გამკლავება იყოს შესაძლებელი.
tabula.ge