ჩინეთი და აშშ სოციალური ქსელის, „ტიკტოკის“ გაყიდვის საკითხს მომავალ კვირაში მადრიდში განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტში აცხადებენ, კომპანია ByteDance-ის აპლიკაციის საკითხი მომავალ კვირას მადრიდში ჩინელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრის დღის წესრიგში იქნება.
ცნობისთვის, აშშ-ის ხელისუფლება ქვეყანაში „ტიკტოკის“ აკრძალვას გეგმავს, თუ სოციალური ქსელი ამერიკული კომპანიის მფლობელობაში არ გადავა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელმაც „ტიკტოკში“ ანგარიში გასულ თვეს გახსნა, კომპანიას ვადა 17 სექტემბრამდე მისცა.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, ჩინეთი „ტიკტოკთან“ დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს კანონისა და რეგულაციების შესაბამისად და აშშ-ს აღნიშნული საკითხის დიალოგის გზით, ურთიერთპატივისცემისა და თანასწორუფლებიანი კონსულტაციების საფუძველზე გადაწყვეტისკენ მოუწოდებს.