OpenAI საბოლოოდ მზადაა გამოცადოს, დათმობენ თუ არა მომხმარებლები ეკრანის სივრცეს უფასო ჩატის სანაცვლოდ. პარასკევს ტექნოლოგიურმა გიგანტმა ოფიციალურად დააანონსა, რომ უახლოეს კვირებში ChatGPT-ის უფასო და Go ვერსიებში რეკლამების განთავსებას დაიწყებს. ეს წყალგამყოფი მომენტია მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ჩატბოტისთვის, რომელიც გამოწერებზე დაფუძნებული მოდელიდან ტრადიციულ მონეტიზაციაზე გადადის.
კომპანიის ბლოგპოსტის მიხედვით, სარეკლამო განცხადებები პასუხების ქვემოთ გამოჩნდება და ისინი მკაცრად იქნება მიბმული მიმდინარე საუბრის კონტექსტთან. OpenAI გვპირდება, რომ რეკლამა მკაფიოდ იქნება მონიშნული და ვიზუალურად გამოყოფილი ორგანული პასუხისგან. ამასთან, დაცული იქნება უსაფრთხოების ზომები: რეკლამებს ვერ ნახავენ 18 წლამდე მომხმარებლები და ისინი არ გამოჩნდება ისეთ სენსიტიურ თემებზე საუბრისას, როგორიცაა ჯანმრთელობა, მენტალური პრობლემები ან პოლიტიკა. რაც შეეხება ფასიან პაკეტებს ისინი კვლავ რეკლამების გარეშე იქნება ხელმისაწვდომი.
სარეკლამო ინტერაქცია
OpenAI-ს ამბიცია მხოლოდ ბანერების ჩვენება არ არის. კომპანიაში განმარტავენ, რომ მიზანი ახალი, უფრო სასარგებლო გამოცდილების შექმნაა. ვინაიდან ხელოვნურ ინტელექტს ბევრი რამ შეუძლია, რეკლამაც ინტერაქციული გახდება. მაგალითად, თუ ჩატბოტს კერძის რეცეპტს სთხოვთ, მან შეიძლება კონკრეტული ბრენდის ინგრედიენტები შემოგთავაზოთ. მომხმარებელს კი შეეძლება დამატებითი კითხვები პირდაპირ ამ პროდუქტზე დასვას და იქვე მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის შესახებ. ეს მიდგომა სცდება სტატიკური ლინკების ფარგლებს და რეკლამას საუბრის ნაწილად აქცევს.
„წითელი კოდი“ ბიზნესისთვის
ეს ნაბიჯი სამომხმარებლო AI-ს განვითარების ახალ ფაზას აღნიშნავს. ოქტომბრის მონაცემებით, სემ ოლტმანის თქმით, ChatGPT-ს კვირაში 800 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. მიუხედავად ასეთი მასშტაბისა, კომპანიას მონეტიზაციის სტრატეგიის დივერსიფიკაცია სჭირდება. კონკურენცია Google-სა და Anthropic-თან სულ უფრო მძაფრდება.
სარეკლამო ინფრასტრუქტურის გასამართად ნიადაგი ჯერ კიდევ შარშან მომზადდა, როცა OpenAI-მა აპლიკაციების ხელმძღვანელად Instacart-ის ყოფილი დირექტორი ფიჯი სიმო დაიქირავა. იქმნება სპეციალური გუნდები და შიდა ინსტრუმენტები სარეკლამო კამპანიების მართვისა და ატრიბუციისთვის, რაც ადასტურებს, რომ ეს გრძელვადიანი სტრატეგიაა.
ნდობის ფაქტორი
დამკვეთებისთვის ეს საინტერესო ტესტი იქნება – რამდენად ეფექტურია მომხმარებელთან წვდომა სასაუბრო გარემოში. თუმცა OpenAI-ს წინ რთული ბალანსის დაცვა ელის: ადამიანები, რომლებიც ჩატბოტს პირად დეტალებს უზიარებენ, მიჩვეულნი არიან სუფთა, ურეკლამო სივრცეს. ამიტომ, კომპანიის მთავარი გამოწვევა ნდობის შენარჩუნებაა. OpenAI ხაზგასმით აღნიშნავს: რეკლამები არ მოახდენს გავლენას ChatGPT-ის პასუხების შინაარსზე, საუბრები დარჩება კონფიდენციალური რეკლამის დამკვეთებისთვის და კომერციული განთავსება ყოველთვის გამიჯნული იქნება ძირითადი კონტენტისგან.
წყარო: Adweek