„ქარის წისქვილები მთელ ევროპაშია. ქარის წისქვილები ყველგანაა და ისინი წამგებიანია. ყველა ქარის წისქვილს ჩინეთი აწარმოებს, თუმცა თავად ჩინეთში ქარის ელექტროსადგურები ვერ ვნახე. ჩინეთი მათ აწარმოებს, დიდ ფასად ყიდის და „სულელ ხალხს“ აძლევს, რომლებიც მათ ყიდულობს“, - აღნიშნა ტრამპმა.
მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ცდება - მსოფლიოს ქარის ენერგიის 40%-ზე მეტს სწორედ ჩინეთი გამოიმუშავებს. ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის, „ემბერის“ თანახმად, ჩინეთი, ამ თვალსაზრისით, მსოფლიოს წამყვანი ქვეყანაა.
ჩინეთში ქარის ენერგიის წარმოება აშშ-ისას დაახლოებით სამჯერ აღემატება.
2024 წელს, ჩინეთის ელექტროენერგიის დიდ ნაწილს - თითქმის 60%-ს - კვლავ ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები გამოიმუშავებდნენ. თუმცა, ეს წილი, განახლებადი წყაროების გამოყენების წყალობით, ყოველწლიურად მცირდება. 2023 და 2024 წლებში ჩინეთმა იმაზე მეტი მზისა და ქარის ენერგია გამოიმუშავა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ მსოფლიოში. ქარის მეშვეობით მიღებული ელექტროენერგია ამჟამად ჩინეთში მოხმარებული ელექტროენერგიის დაახლოებით 10%-ს შეადგენს - თითქმის იმდენივეს, რამდენსაც ამერიკაში.
ტრამპის გამოსვლის ეს ნაწყვეტი ლატვიაში, ლატვიური სუბტიტრებით, სოციალურ ქსელებში გაავრცელა არტურს კლებახსმა - რიგის საკრებულოს წევრმა პარტიიდან „ახალი ლატვიელების ერთობა“. ეს პარტია საკრებულოში თანამშრომლობს ყოფილი დეპუტატის, იულია სტეპანენკოს პარტიასთან „სუვერენული ძალა“. ორივე პოლიტიკური ძალა აქტიურად ეწინააღმდეგება ლატვიაში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას. ფეისბუკსა და ტიკ ტოკზე კლებახსის ვიდეოები ათიათასობით ადამიანმა ნახა. თუმცა, ის, რასაც ტრამპი ვიდეოში ამბობს, ფაქტებს არ შეესაბამება.
ზემოთ ხსენებული კვლევითი ცენტრის, „ემბერის“ მონაცემების მიხედვით, გასული წელს ევროკავშირში პირველად მოხდა, როდესაც ქარისა და მზისგან უფრო მეტი ელექტროენერგია გამომუშავდა, ვიდრე წიაღისეული სათბობისგან - ნახშირისგან, გაზისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ნავთობისგან.
წყარო: 1 არხი