„წინა კვლევებისგან განსხვავებით, გრიპის სეზონი წელს ადრე დაიწყო“ – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისად, წელს გაცილებით ადრე დაიწყება ვირუსების მატების პიკიც.
„გრიპის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. თუ შევადარებთ ბოლო 5 წლის სტატისტიკას, პირველი შემთხვევები წელს ცოტათი ადრე გამოჩნდა. ამიტომ ჩვენთვის ერთი განმასხვავებელი ამ ვირუსებისა არის ის, რომ ადრე დაიწყო შემთხვევების დაფიქსირება და მეორე – შესაძლოა, აქედან გამომდინარე, ადრე გამოვლინდეს ამ ვირუსების მატების პიკი. ვინაიდან, სტატისტიკის მიხედვით, 2024- 2025 წლის სეზონზე პიკი მოდიოდა მაქსიმუმ თებერვლის მეორე კვირაზე, წელს შესაძლოა ეს პერიოდი გაცილებით ადრე – დეკემბრის მეორე ნახევაში ან იანვრის პირველ ნახევარში დადგეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.
კითხვაზე, თუ რომელი ტიპის ვირუსები ცირკულირებს წელს საქართველოში, ჩხაიძემ უპასუხა, რომ ძირითადად ესაა H3N2 ტიპის ვირუსი.
„პირველი და ყველაზე ხშირი გამომწვევი გრიპის სხვადასახვა ტიპის ვირუსებს შორის 2025-2026 წლის სეზონზე არის H3N2 ტიპის ვირუსი. ზოგადად, როდესაც გრიპის ვირუსზე ვსაუბრობთ აქცენტი ვგვაქვს A ტიპის ვირუსზე ან B ტიპის ვირუსზე. A ტიპის ვირუსს რაც შეეხება ჩვენთვის კარგად ნაცნობია H5N1 ტიპის ვირუსი, ე.წ. ღორის გრიპი და ამავდროულად მეორე ყველაზე ხშირი გამომწვევი H3N2 ტიპის ვირუსი“, – განაცხადა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.
ჩხაიძის თქმით, ვირუსმა ამ ხნის განმავლობაში მუტაცია განიცადა და უფრო გადამდები გახდა.
„ეს ვირუსი რომელიც ახლა ცირკულირებს არ გახლავთ ახალი და ჩვენთვის უცხო, თუმცა ამ ვირუსმა შეიძინა გარკვეული მუტაციები, 2025 წლის ივნისიდან და გახდა უფრო გადამდები“, – განაცხადა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.