„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის ნავთობტერმინალში სუს-ი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული და შეჩერებულია სარკინიგზო გადაზიდვების ნაწილი.
ნავთობტერმინალში სარკინიგზო გადაზიდვების დიდი ნაწილი 3 დეკემბერს, ღამით, მას შემდეგ გაჩერდა, როცა იქ სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ერთდროულად შევიდა.
რა ხდება ნავთობტერმინალში? – შეკითხვას ამ დრომდე არ პასუხობენ სუს-ის და საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრში. „ბათუმელებს“ არც ნავთობტერმინალის ადმინისტრაციაში უპასუხეს.
ნავთობტერმინალში სარკინიგზო გადაზიდვების შეჩერების შესახებ „ბათუმელებს“ ინფორმაციას ტერმინალში დასაქმებული პირიც უდასტურებს. მან კონფიდენციალურობის დაცვა ითხოვა.
„როგორც ვიცი, რამდენიმე რეზერვუართან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები. ეს უკავშირდება კომერციულ საქმიანობას… ერთდროულად შემოვიდა სუსი და ფინანსური პოლიცია, სპეცრაზმი იყო და გადაზიდვები გააჩერეს… გაჩერდა ტერმინალის რამდენიმე ხაზი, მთლიანად არ გაჩერებულა… გამოკითხვაზე გადაიყვანეს 21 ადამიანი, მათ შორის, არიან ხელმძღვანელი პირები,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის ნავთობტერმინალის თანამშრომელი.