მარილის მოხმარების შემცირების პოლიტიკის გატარება, შაქრიანი და უშაქრო ტკბილი სასმელების დაბეგვრა, ბავშვებისთვის არაჯანსაღი საკვების რეკლამის აკრძალვა - ეს ნაბიჯები საქართველომ არაერთ დაავადებასთან საბრძოლველად უნდა გადადგას. ასეთია ჯანმრთელის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სილვიუ დომენტეს მოსაზრება, რომელიც ქვეყანაში შვიდწლიან მისიას რამდენიმე დღეში ასრულებს. მისი ინტერვიუდან ამონარიდები ჯანმოს წარმომადგენლობის ფეისბუქ-გვერდზეა განთავსებული.
„არსებობს უზარმაზარი პოტენციალი არაგადამდები დაავადებების სხვა ძირითად რისკფაქტორებთან საბრძოლველად, რასაც შეუძლია სწრაფი და ხელშესახები შედეგების მოტანა. ეს მოიცავს ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას, მარილის მოხმარების შემცირების პოლიტიკის გატარებას, შაქრიანი და უშაქრო ტკბილი სასმელების დაბეგვრას, ინდუსტრიულად წარმოებული ტრანსცხიმების აღმოფხვრას, ბავშვებისთვის არაჯანსაღი საკვები პროდუქტების რეკლამირების აკრძალვას, ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობას,“- ამბობს სილვიუ დომენტე.
იგი პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზეც საუბრობს და ამბობს, რომ რეფორმა 2028 წლისთვის უნდა დასრულდეს.
„პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის დონეზე მოსახლეობისთვის შეთავაზებული მომსახურების პაკეტის გადახედვას, დიაგნოსტიკასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, პირველადი ჯანდაცვის მომსახურების დაფინანსების ახალი სისტემის დანერგვას, პირველადი ჯანდაცვის კადრების განვითარების გეგმის შემუშავებას, მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად საქმიანობის მონიტორინგის სისტემის შექმნას,“ - აღნიშნავს სილვიუ დომენტე.