რუსეთში, შემოდგომაზე მობილიზაციის შესაძლო ახალი ტალღის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, ათიათასობით მოქალაქემ ქვეყნის დატოვება და საქართველოში გამგზავრება გადაწყვიტა,- ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Time ავრცელებს

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე „რეკორდული სამგზავრო ნაკადი“ დაფიქსირდა. უწყების ცნობით, 15 და 16 აგვისტოს საქართველოს მიმართულებით ყოველდღიურად 19 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა, 18 აგვისტოს კი — 20 ათასზე მეტი

„მიმდინარე მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების ანალოგიური პერიოდების მონაცემებს“, — განაცხადა რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა.

როგორც გამოცემა „Осторожно, новости“-ს მიერ გამოკითხული თვითმხილველები ამბობენ, რუსეთის მხრიდან საზღვარზე დიდი საცობია წარმოქმნილი. მათი ინფორმაციით, ავტომობილები დაახლოებით საათში 50 მეტრი სიჩქარით გადაადგილდებიან.

ზემო ლარსი რუსეთისა და საქართველოს საზღვარზე არსებული ერთადერთი სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტია.

2022 წლის სექტემბრის ბოლოს, ვლადიმერ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ზემო ლარსი რუსეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ სასაზღვრო პუნქტად იქცა. მაშინ ათიათასობით რუსი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა, რის გამოც საზღვარზე მრავალკილომეტრიანი საცობები რამდენიმე დღის განმავლობაში იყო.

მანამდე რუსებმა მკვეთრად გაზარდეს საცხოვრებელი ბინების ქირაობის მოთხოვნა სომხეთის დედაქალაქ ერევანშიც, — წერს „ვერსტკა“. ერთ-ერთი ადგილობრივი უძრავი ქონების აგენტის განცხადებით, „სიტუაცია მთლიანობაში 2022 წლის მოვლენებს ჰგავს“. შედეგად, ერევანში ქირის ფასები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, ხოლო რუსებმა უცნობ ადამიანებთან ერთად საცხოვრებლის დაქირავების ვარიანტების ძებნაც დაიწყეს. სომხური უძრავი ქონების ტელეგრამ-არხის „მეტრი დრამებში“ ცნობით კი, ბაზარზე „ნორმალური ვარიანტები“ უკვე აღარ დარჩა.

„ვერსტკას“ წყაროების ინფორმაციით, რუსეთში სექტემბრის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ შესაძლოა საომარი მდგომარეობა გამოცხადდეს და მობილიზაცია ჩატარდეს. ახალი მობილიზაციის შესახებ რუსეთში ჭორები უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება.

მობილიზაციის შესაძლო ახალი ტალღის შესახებ, მათ შორის, წერდნენ ვაშინგტონში მოქმედი ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებიც. მის შესაძლებლობას არ გამორიცხავდნენ The Washington Post-თან საუბრისას ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსნებიც. მათი შეფასებით, კრემლმა შესაძლოა ასეთ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიმართოს, თუ უკრაინის ომში რუსეთის არმიის მაღალი დანაკარგები გაგრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ პუტინი ახალი მობილიზაციის ფარგლებში ფრონტზე 300-დან 500 ათასამდე ადამიანის გაგზავნას გეგმავს. მისი თქმით, წლის დასაწყისიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ არმიაში 221 ათასი კონტრაქტორი მიიზიდა, თუმცა იმავე პერიოდში რუსეთის დანაკარგებმა 225,5 ათასი ადამიანი შეადგინა, მათ შორის, 131 ათასი — დაღუპული.