საქართველოდან საერთაშორისო პლატფორმების მეშვეობით პროდუქციის შესყიდვა 7-ჯერ გაიზარდა 2018-24 წლებში, 0.2 მლრდ ლარიდან 1.4 მლრდ ლარამდე, - ამის შესახებ ინფორმაციას გალტ & თაგარტი ახალ კვლევაში აქვეყნებს.

საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდა 2025 წლის პირველ ნახევარში - უცხოეთიდან გამოწერები წლიურად 56.7%-ით გაიზარდა და 0.9 მლრდ ლარი შეადგინა. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Temu-ს შემოსვლამ ქართულ ბაზარზე 2023 წლის ბოლოს.

„ქართველი მომხმარებლები, როგორც წესი, საერთაშორისო პლატფორმებზე ყიდულობენ ტანსაცმელს, ელექტრონიკას, კოსმეტიკას, პარფიუმერიას და სახლის ნივთებს. 2023-25 წლებში არასპეციალიზებული ონლაინ მაღაზიები (მაგ. Amazon, Temu, Aliexpress) უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე სპეციალიზებული მაღაზიები - მათი წილი გაიზარდა 2023 წლის 42.2%-დან 61.6%-მდე 2025 წლის 6 თვეში. ასეთი არასპეციალიზებული ონლაინ მაღაზიები ყიდიან ყველა სახის ხანგრძლივი მოხმარების ნივთებს, მათ შორის ტანსაცმელსა და აქსესუარებს, ავტონაწილებს, მცირე საოჯახო ტექნიკას, ავეჯს, სახლის მოწყობის ნივთებს და ა.შ. ამ საიტების ონლაინ ვაჭრობის სექტორებად ან პროდუქტებად ჩაშლა არ არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად მე-9 გრაფიკში მოცემული წილები ჩვენი დაშვებით გადათვლილია დანართ 2-ში.

2025 წლის 6 თვეში, Temu-ზე ტრანზაქციების რაოდენობის ნახევარი და ღირებულების 35% მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ Temu ბაზარზე 2023 წლის ბოლოს შემოვიდა, მან გაზარდა ჯამური ბაზრის მოცულობა, გარკვეულწილად ჩაანაცვლა trendyol, შეამცირა amazon- ის, TaoBao-ს, Alibaba-ს და eBay-ს წილები ბაზარზე“, - წერია კვლევაში.