თბილისის რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ჩქაროსნული მატარებელი გამოჩნდა, რისი ამსახველი ფოტოებიც აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა.
ეს იმ ფონზე მოხდა, რაც თბილისი-ბაქოს მიმართულებით სარკინიგზო რეისების განახლებაზე განცხადება მარტში, დუბაიში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რომლის თქმითაც, საქართველო ამ საკითხზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მანამდე, თებერვლის შუა რიცხვებში აზერბაიჯანული მედია რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შესაძლოა, მაისში აღდგეს. წყაროს ცნობით, აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება აზერბაიჯანისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს შორის უკვე მიღწეულია, ხოლო მგზავრთა გადასაყვანად შვეიცარიული კომპანია Stadler-ის მატარებლები სახელდება.
თბილისში გამოჩენილ მატარებელთან დაკავშირებით „აზერბაიჯანის რკინიგზის“ პრესსამსახურის უფროსმა, ბახტიარ გაჯიევმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ „მატარებელი, რომლის ფოტოებიც გავრცელდა, სამგზავრო არ არის და ის რკინიგზაზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ ლიანდაგის დიაგნოსტიკას რეგულარულად ატარებს.“
ცნობისთვის: მარტში აზერბაიჯანის რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტის უფროსმა, აზერ ფარაჯევმა განცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო რეისებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ცნობებს ამასთან დაკავშირებით ბაქო ქართული მხარისგან ელოდება. ამასთან, აზერბაიჯანის რკინიგზის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ “საკარანტინო რეჟიმის გამო ქვეყნის სახმელეთო საზღვრები დაკეტილია და სახმელეთო გზით საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანები შეჩერებულია, რა მიზეზითაც რკინიგზით საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანა არ ხორციელდება.“ თუმცა უწყება განმარტავს, რომ მთავრობებს შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში აზერბაიჯანის რკინიგზა მზად არის, მგზავრთა გადაყვანის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყოს.
რა მიზნით იყო „აზერბაიჯანის რკინიგზის“ კუთვნილი მატარებელი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული და უკავშირდება თუ არა ეს 1-ლი მაისიდან 2 ქვეყანას შორის სამგზავრო გადაყვანის შესაძლო აღდგენას, ამასთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ „საქართველოს რკინიგზას“ დაუკავშირდა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.