თბილისის 2027 წლის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებასა და შესაბამისი სივრცეების მოწყობაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 8 469 885 ლარი დაიხარჯება. მომსახურებების შესყიდვას თბილისის მერია და მის დაქვემდებარებაში არსებული კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ გეგმავენ. ორივე შემთხვევაში ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით გაფორმდება.

მერიის განმარტებით, საახალწლო ღონისძიებები მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა, ხოლო მათი სრულყოფილად ჩატარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და სხვა საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება.

2027 წლის შობა-ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიებები 2026 წლის 10 დეკემბრიდან 2027 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაიმართება. შესაბამისი სივრცეების მოწყობა კი 2026 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყება და 2027 წლის 25 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, რაც მათ მონტაჟსა და დემონტაჟსაც მოიცავს.

დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 5.9 მილიონი ლარი სხვადასხვა ჟანრის კონცერტებისა და წარმოდგენების გამართვას, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასა და დეკორაციებით გაფორმებას მოხმარდება.

დამატებით, „თბილსერვის ჯგუფი“ დაახლოებით 2.5 მილიონ ლარს დახარჯავს რუსთაველის გამზირის საახალწლო გაფორმებისთვის. შესყიდვა მოიცავს 2D ფიგურებსა და მანათობელ თოკს.

შედარებისთვის, 2026 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის 8.28 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2025 წლისთვის კი შესაბამისმა ხარჯებმა 8 576 967 ლარი შეადგინა.