დედაქალაქის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების 2 769 შემთხვევა დააფინანსა, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა, რომელთან დაკავშირებითაც, თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდება.

„30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა, რომელიც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი დიაგნოზის მქონე ადამიანებისადმი სოლიდარობის გამოხატვას და მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდება და ეს კიდევ ერთხელ იქნება დასტური ჩვენი მხარდაჭერისა და ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა. 

გაფანტული სკლეროზი არის ცენტრალური ნერვული სისტემის არაპროგნოზირებადი დაავადება, რომელიც თავის ტვინსა და სხეულს შორის ურთიერთკავშირის პრობლემებს იწვევს, საბოლოო ჯამში კი მას ადამიანის ქმედუუნარობის გამოწვევა შეუძლია.

დედაქალაქის მერია, ამ დაავადების მქონე პირებისა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით, „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამას ახორციელებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ჩატარებული მკურნალობით შესაძლებელია დაავადების აქტივობის დათრგუნვა.

„აღნიშნული პროგრამა ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და 2020 წელს მედიკამენტების დაფინანსებით დავიწყეთ მისი განხორციელება. პროგრამა ეტაპობრივად გაფართოვდა და მას მაღალტექნოლოგიური კვლევები დაემატა, ასევე, გადაწყდა, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, მედიკამენტების პროგრამის ყველა მოსარგებლისთვის 100%-ით დაფინანსება, რაც მათთვის სერიოზული ფინანსური მხარდაჭერაა. სამედიცინო წრეების შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, მერიამ პროგრამაში ჩასართავ პირთა ასაკობრივი ზღვარიც მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ ჩატარებული მკურნალობით შესაძლებელია ამ დაავადების აქტივობის დათრგუნვა და გაფანტული სკლეროზის მქონე პირთა ყოველდღიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში დაბრუნება. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჩვენი მხრიდან მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების 2 769 შემთხვევა დაფინანსდა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, თბილისის  მუნიციპალიტეტი, მოქმედი შესაბამისი პროგრამებით, გვერდით დაუდგება დედაქალაქის მცხოვრებლებს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს