მის გარშემო მთელი ძველეგვიპტური სამყარო დაემხო, მაგრამ როგორღაც მოხდა ისე, რომ ხეოფსის დიდი პირამიდა 4600 წლის შემდეგაც ამაყად დგას.
მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მიწისძვრების გამო თანდათან დაკარგა მბზინავი თეთრი ქვები, რომლითაც მოპირკეთებული იყო, პირამიდის ძირითადმა სტრუქტურამ დროს გაუძლო, მისი გრანტისა და კირქვის ბლოკები დღემდე მყარადაა ადგილზე, თითქოს ამ უზარმაზარ შენობას ახლახან მოხსნეს ხარაჩოები.
არქეოლოგები დღემდე ცდილობენ დაადგინონ საინჟინრო გამჭრიახობის ის სრული კრებული, რამაც ხეოფსის პირამიდა ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან დღემდე მოღწეულ ერთადერთ ძეგლად აქცია.
ახალმა აღმოჩენამ პირამიდის დიზაინის შესახებ, შესაძლოა ეგვიპტური საინჟინრო წარმატების კიდევ ერთი დეტალი გაგვიმხილოს.
ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, სტრუქტურის რამდენიმე მახასიათებელმა ის მიწისძვრებისადმი საოცრად მდგრადი გახადა — ჰქონდათ თუ არა მშენებლებს ეს განზრახული. გამაგრების მახასიათებლებს შორისაა ცარიელი „დამხმარე კამერები“ რომლებიც პირდაპირ ფარაონ ხეოფსის სამარხის თავზე მდებარეობს.
ხეოფსის პირამიდის მშენებლობა აბსოლუტურად გიგანტური წამოწყება იყო — აგებულია დაახლოებით 2,3 მილიონი ქვის ბლოკისგან, რომელთა წონაც ჯამში სადღაც 6 მილიონი ტონაა; ქვების რაღაც ნაწილი ასეულობით კილომეტრის მანძილიდანაა მოტანილი.
ქვები სათუთადაა ერთმანეთზე დაწყობილი და ქმნიან 147 მეტრის სიმაღლის მყარ სტრუქტურას, რომლის შიგნითაც მხოლოდ რამდენიმე ღრუა ოთახების სახით.
პირამიდა ძირითადად მყარი კონსტრუქციაა, არის უკიდურესად მტკიცე; მისი წონა მიწისკენაა კონცენტრირებული და მთელ საძირკველზეა განაწილებული. თუმცა, მხოლოდ ეს მას მიწისძვრებისა და დროისგან ვერ დაიცავდა.
რამდენიმე პირამიდა სულ მცირე ნაწილობრივ მაინც დანგრეულია. მაგალითად, მედუმის პირამიდის გარე სტრუქტურა ძველ დროშივე დრამატულადაა დანგრეული. უსერკაფის, საჰურისა და უნისის პირამიდები ნანგრევების გროვებს წააგავს.
მესოამერიკაშიც არსებობს მტკიცებულებები, რომ პირამიდები, რომლებიც მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ძვრის დაძაბულობისადმი მგრძნობიარე ქვის მასალითაა აშენებული — შეიძლება გაიხლიჩოს მათ ქვეშ მიწის მოძრაობის შედეგად.
ეგვიპტე მიწისძვრებით დიდად არ გამოირჩევა, მაგრამ ხეოფსის პირამიდიდან 80 კილომეტრის რადიუსში აღრიცხულია სულ მცირე ორი დიდი მიწისძვრა.
1847 წელს, რეგიონში დაახლოებით 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 1992 წელს დაფიქსირდა 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები, რის შედეგადაც გიზის პირამიდას ზედა ნაწილში რამდენიმე მოსაპირკეთებელი ქვა მოსძვრა.
როგორც დღემდე შემორჩენილი უდიდესი და ერთ-ერთი უძველესი პირამიდა, ხეოფსის დიდი პირამიდა მკვლევრებს უჩენს კითხვას — რატომ გადარჩა ეს უზარმაზარი, უძველესი სტრუქტურა მაშინ, როცა სხვები დაინგრა?
ამის შესასწავლად, ეგვიპტის ასტრონომიისა და გეოფიზიკის კვლევების ეროვნული ინსტიტუტის ჯგუფმა ასემ სალამას ხელმძღვანელობით, პირამიდის შიგნით და მის გარშემო ვიბრაციის სენსორები განათავსა, რათა განესაზღვრათ, როგორ რეაგირებს ის მის გარშემო მოძრაობებზე.
მკვლევრებმა 37 პორტატული აქსელერომეტრი სხვადასხვა ადგილას განათავსეს — ფარაონის სამარხ კამერაში და დედოფლის კამერაში, ვერტიკალურად დაწყობილ წნევის შემამსუბუქებელ კამერებში პირდაპირ ფარაონის კამერის ზემოთ, გასავლელებსა და გვირაბებში, გარე ქვებზე და პირამიდის გარშემო მიწაზე.
ეს სენსორები ზომავს გარემოს მცირე ვიბრაციებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ისედაც უხვად არსებული წყაროებიდან მომდინარეობს — შორს მანქანების მოძრაობა, ქარი, დედამიწაში მოძრავი ოკეანის ტალღების ენერგია და შეუმჩნეველი რყევები, რომლებიც მუდმივად გადის ქერქში.
პირამიდის გარშემო მიწაში, ამ წყაროებმა ჯამში დაახლოებით 0,6 ჰერცი (Hz) თანმიმდევრული ფონური სიხშირე წარმოქმნა.
თუმცა, პირამიდის შიგნით უმეტეს ადგილას, სიხშირე დაახლოებით 2,0 – 2,6 ჰერცი იყო.
ასეთი შეუსაბამობა მიწის ვიბრაციულ სიხშირესა და თავად პირამიდისას შორის, შეიძლება ნაწილობრივ იყოს მიზეზი იმისა, თუ რატომ მიაყენა მიწისძვრებმა ამ პირამიდას ასეთი მცირე ზიანი.
ვინაიდან ისინი ერთნაირი სიხშირით არ ვიბრირებენ, სეისმური ენერგია შეიძლება ნაკლებად ეფექტიანად გადაიცემა მიწასა და სტრუქტურას შორის, რაც ხელს უწყობს ისეთი რეზონანსული გაძლიერების თავიდან აცილებას, რამაც შეიძლება შენობები სერიოზულად დააზიანოს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ვიბრაცია ძირითადად თანმიმდევრული იყო მთელ პირამიდაში და სიმაღლესთან ერთად ძლიერდებოდა, გამოიკვეთა ერთი თვალშისაცემი გამონაკლისი — დამხმარე კამერები.
როგორც წესი, ამ კამერებს როგორც ფარაონის სამარხი ოთახის თავზე სიმძიმის შემსუბუქების საშუალებად განმარტავენ. ამ კამერებში ვიბრაციების განვრცობა მკვეთრად იკლებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს კამერები ასევე ახდენენ დაძაბულობის გადანაწილებას და ვიბრაციის შეწყვეტას.
მიუხედავად იმისა, რომ მათი დანიშნულება შეიძლება დაწოლის გადატანა ყოფილიყო, კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ამ სიცარიელეებმა შეიძლება უნებლიეთ ხელი შეუწყო პირამიდის დაცვას მიწისძვრებისგან.
ხეოფსის პირამიდა მძიმე, მყარი, ჩასკვნილი ნაგებობაა და ძალიან სხვანაირად იქცევა იმ შენობებისგან, რომლებიც დღეს მიწისძვრებზეა გათვლილი; დღეს ასეთი სტრატეგიები ძირითადად ორიენტირებულია მოქნილობაზე.
მკვლევრები ფრთხილად აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ მიწისძვრებისადმი მდგრადობა პირამიდის დიზაინის ნაწილიო იყო — ამ ეტაპზე მხოლოდ სპეკულაციაა და ამის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ძებნას აგრძელებენ.
„ეს დასკვნები წარმოადგენს დამაჯერებელ რაოდენობრივ მტკიცებულებას იმისა, რომ ძველეგვიპტელ არქიტექტორებს ჰქონდათ ღრმა გეოტექნიკური ცოდნა, ახდენდნენ სტრუქტურის დიზაინსა და ადგილმდებარეობის დახასიათების ოპტიმიზაციას, რათა უზრუნველყოფილიყო ათასწლეულების მასშტაბის სტაბილურობა სეისმური საფრთხეების მიმართ“, — წერს მკვლევართა ჯგუფი პუბლიკაციაში.
ჯგუფი ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს და იმედი აქვთ, რომ მიაგნებენ მტკიცებულებებს, რომლებიც მათ დასკვნებს კიდევ უფრო გაამყარებს.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.