საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულ ფედერაციას 179 960 ლარი ღირებულების, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული აღჭურვილობა გადასცა. ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს განახლებულ სააქტო დარბაზში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ჟღენტი, ვეტერანი მთამსვლელი გიორგი კახაბრიშვილი და ფედერაციის წარმომადგენლები.

„სპორტულ აღჭურვილობას, პროფესიონალებთან ერთად, დამწყები მთამსვლელებიც გამოიყენებენ. აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წელს სამინისტრომ ფედერაციას, ჯამში, 305 000 ლარად ღირებული სპორტული აღჭურვილობა და ინვენტარი გადასცა.

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველმა მთამსვლელებმა არაერთი მწვერვალი დალაშქრეს როგორც საქართველოში, ასევე ჰიმალაის მთებსა და პატაგონიაში. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ხელშეწყობით ქართული ალპინიზმის ისტორიაში პირველად შეიქმნა მთამსვლელობის სკოლა. 120-მდე მსურველს შორის სპეციალური კონკურსის შედეგად შეირჩა 25 მსმენელი, რომლებიც პროფესიონალი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას სამი წლის განმავლობაში მიიღებენ.

ქართული ალპინიზმის დიდი ტრადიციის აღორძინებისა და მთამსვლელობის პოპულარიზაციის მიზნით,  2023 წელს სპორტის სამინისტრომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში აილამის ალპინისტური ბანაკის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება 3 311 493 ლარია და მისი დასრულება 2024 წელს არის დაგეგმილი.

პროექტის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ორსართულიან შენობაში იქნება საკონფერენციო დარბაზი, ოთახები ადმინისტრაციისთვის, საცხოვრებელი ზონა, სველი წერტილები, სამზარეულო, ექიმის ოთახი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და ექნება დამოუკიდებელი დენის წყარო“, – აღნიშნულია კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.