შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი გილბერტ ჰოუნგბო უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევა. მან მოწვევა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარისგან მიიღო. ირაკლი პეტრიაშვილი ჟენევაში გაეროს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეხვედრას დაესწრო, რომლის ფარგლებშიც გენერალურ მდივანთან აუდიენცია გამართა. მხარეებმა ორგანიზაციის სავალდებულოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის, ასევე ახალი სტანდარტების რატიფიცირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

,,მე  მქონდა პატივი პირადად შევხვედროდი შსო-ს გენერალურ მდივანს ბატონ გილბერტ ჰოუნგბოს. აღსანიშნავია, რომ ის ძალიან კარგად იცნობს იმ გამოწვევებს, რომელიც აქვთ  მშრომელებს და პროფკავშირებს საქართველოში. ყურადღება გავამახვილეთ, როგორც შსო-ს სავალდებულოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის, ასევე ახალი სტანდარტების რატიფიცირების მნიშვნელობაზე. მან დიდი სიხარულით მიიღო ჩემი მოწვევა და მისგან მივიღე დაპირება, რომ უახლოეს მომავალში, პირველი შესაძლებლობისთანავე აუცილებლად ეწვევა საქართველოს.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან“ ირაკლი პეტრიაშვილი.