საქართველოში არსებული მსუბუქი ავტომობილების ავტოპარკის მიხედვით, ყველაზე პოპულარული ბრენდი Toyota-ა. TBC Capital-ის 2026 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში 233.3 ათასი Toyota-ს მსუბუქი ავტომობილია რეგისტრირებული. მეორე ადგილზე Mercedes-Benz-ია 198.3 ათასი ავტომობილით, ხოლო მესამე პოზიციას Ford იკავებს – 147.8 ათასი ერთეულით.

TBC Capital-ის მიმოხილვის მიხედვით, ოთხეულში ასევე შედის Opel, რომლის რაოდენობაც საქართველოში 145.3 ათასს შეადგენს. შესაბამისად, Toyota-სა და Mercedes-Benz-ის შემდეგ ავტოპარკში Ford-ისა და Opel-ის ბრენდები დომინირებს.

ავტოპარკში წარმოდგენილი სხვა პოპულარული ბრენდების მიხედვით, მეხუთე ადგილზე BMW-ა 98.1 ათასი ავტომობილით. მას მოსდევს Volkswagen – 82.5 ათასი, Honda – 79.2 ათასი და Nissan – 75 ათასი ერთეულით. ათეულს Hyundai 59.1 ათასი და Mitsubishi 55.9 ათასი ავტომობილით ასრულებენ.

თუმცა, არსებული ავტოპარკისგან განსხვავებული სურათი იკვეთება ახლად რეგისტრირებული ავტომობილების მიხედვით. 2026 წლის მესამე კვარტალში პირველად რეგისტრირებულ მსუბუქ ავტომობილებში კვლავ Toyota ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე Ford-ია, რომელსაც BMW და Hyundai მოსდევს.

კერძოდ, მესამე კვარტალში პირველად რეგისტრირებული Toyota-ს ავტომობილების რაოდენობამ 18.8 ათასი შეადგინა. Ford-ის მაჩვენებელი 8.9 ათასი იყო, BMW-სი – 8.4 ათასი, ხოლო Hyundai-სი – 8 ათასი.

მომდევნო პოზიციებზე Subaru 7.9 ათასი ავტომობილით, Jeep და Mercedes-Benz კი 7.1-7.1 ათასი ერთეულით არიან წარმოდგენილი. ათეულში ასევე მოხვდნენ Tesla – 5.9 ათასი, Honda – 4.9 ათასი და Volkswagen – 4.7 ათასი ავტომობილით.

ცნობისთვის, TBC Capital-ის მიხედვით, 2026 წლის 9 თვეში ავტოპარკის მოცულობა წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 2.1 მილიონ ერთეულს გადააჭარბა. ავტოპარკის ძირითად ნაწილს მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, რომელთა წილი 82.6%-ია.