წყალტუბოს კურორტის განვითარებას დამატებითი სანატორიუმებისა და განთავსების ობიექტების გახსნა სჭირდება, თუმცა საპრივატიზაციოდ გამოტანილი ავარიული შენობებისთვის მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი კურორტზინვესტორების შემოსვლას აფერხებს. ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში კომპანია „საქართველოს სასტუმროები და სპა“-ს („ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტი“) გენერალურმა დირექტორმა, კობა ქუთათელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კურორტზე არსებული ინფრასტრუქტურა ქალაქის რეალური შესაძლებლობების 10%-საც ვერ ითვისებს. წყალტუბოში არსებული 22 სანატორიუმიდან და 8 პანსიონატიდან დღეს მხოლოდ ერთი სანატორიუმი ფუნქციონირებს, დანარჩენი კი მცირე ზომის სასტუმროებია, რაც კურორტის სტატუსსა და ტურისტების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

როგორც ის აღნიშნავს, პოტენციური ინვესტორები კურორტით ინტერესდებიან, თუმცა აუქციონზე გამოტანილი ობიექტების შეძენისგან საპრივატიზაციო პირობების გამო თავს იკავებენ. მისი შეფასებით, დანგრეული და კონსტრუქციულად უვარგისი 70-წლიანი შენობების აღდგენა ტექნიკურად შეუძლებელია, ქვეყანაში კი შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტების მწვავე დეფიციტია.

“პერსპექტივაში კურორტის განვითარებას აუცილებლად სჭირდება დამატებით სანატორიუმების და სასტუმროების გახსნა. არსებული ვერ აკმაყოფილებს ვერანაირად ტურისტის მოთხოვნას, რეკლამირებას და ა.შ. წყალტუბოს თვითონ მეტი ეკუთვნის, მეტს იმსახურებს და შეუძლია გაცილებით მეტი დამსვენებელი მოიზიდოს. 10%-იც არ არის იმ შესაძლებლობების ათვისებული, რა შესაძლებლობებითაც შესაძლებელია ეს ქალაქი განვითარდეს.

სანატორიუმები აუქციონზე გამოვიდა შეცდომით, არასწორი დათქმებით. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ლამაზი შენობები, მაგალითად „შახტიორი“, „თბილისი“, რომლის გარემონტება და აღდგენა შესაძლებელია, მაგაზე არა მაქვს საუბარი, მაგრამ რომელიც დანგრეულია, ტერიტორიაა მხოლოდ დარჩენილი, ის სანატორიუმები უნდა გამოსულიყო გასაყიდად არაკულტურული მემკვიდრეობის სტატუსით. მისი აღდგენა შეუძლებელია.

ჩვენი სანატორიუმი 17 ჰექტარია, ხუთი კორპუსს მოიცავს და რაც მოვედით იმის მერე სულ რემონტი გვაქვს, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული რა. აღდგენის სპეციალისტებს ძლივს ვნახულობთ, სომხეთიდან ჩამოგვყავს ხალხი, იმიტომ რომ პრობლემაა. როცა ძველი სანატორიუმის რეკონსტრუქციას ახდენ, აუცილებლად გჭირდება კვალიფიციური მუშახელი. უბრალო მუშახელი აქ არ გამოდგება, უნდა იყოს პროფესიონალი.

ძველი, დანგრეული სანატორიუმები უნდა გამოიტანონ პირდაპირ გასაყიდად ყოველგვარი დათქმების გარეშე. დაინგრევა ის ძველი შენობები და ტერიტორია მოწესრიგდება და აშენდება ახალი, თანამედროვე სანატორიუმები. ამის გულისთვის ჩამოვა ინვესტორი და ჩადებს ფულს.

შენ ახლა ინვესტორს რომ დაავალდებულებ, რომ 70 წლის შენობა უნდა გაარემონტოს, კაციშვილმა არ იცის როგორია მისი კონსტრუქციული მდგრადობა... არაფერი არ არსებობს, კონსტრუქცია არ ვარგა... უმეტესწილად, რაც გამოიტანეს 10 სანატორიუმიდან, არცერთი არ ვარგა. არცერთი არ ექვემდებარება აღდგენას, ამიტომაც ჩავარდა ტენდერი,“-აცხადებს კობა ქუთათელაძე.

მისივე თქმით, წყალტუბოში ინვესტიციების განხორციელებით განსაკუთრებით ისრაელიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან ინტერესდებიან.

ვრცლად: bm.ge