საქართველოში არსებული თხილის ბაღები იძლევა საშუალებას, მინიმუმ ორჯერ მეტი თხილი მივიღოთ, თუ მეტი არა, - აცხადებს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა.

როგორც ლევან ქარდავა რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას განმარტავს, საქართველოში, თხილის ბაღში საშუალო მოსავლიანობა 30-35%-ია. აქ არ იგულისხმებიან მსხვილი ფერმერები, რომელთაც დაცული აქვთ ყველა აგროღონისძიება და 40%-ზე მეტს იღებენ. საუბარია მოსახლეობაზე, რიგით ფერმერებზე, რომელთაც თხილის გამოსავლიანობა 30-35% აქვთ, როცა ფაროსანას გამოჩენამდე ეს მაჩვენებელი ყოველთვის 40%-ზე მეტი იყო.

„მაგალითისთვის, თურქეთში გამოსავლიანობა 50%-ზე მაღალია. ჩვენი პოტენციალი არის ის, რომ მინიმუმ 40%-იანი გამოსავლიანობის თხილი უნდა გვქონდეს და 1 ჰექტარზე დაახლოებით სულ ცოტა 1.5 ტონა ხილი მოგვყავდეს. დღეს ეს მაჩვენებელი 700 კილოდან 1 ტონამდეა, როცა კარგად მოვლილ კომერციულ ბაღებში ეს მაჩვენებელი 2 და ზოგჯერ 3 ტონასაც აღწევს 1 ჰექტარზე. შესაბამისად, პოტენციალი ძალიან დიდია, მაგრამ სჭირდება შესაბამისი მოვლა, ფაროსანასთან ბრძოლა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, 2025 წელს გაჩნდა გამოწვევა თხილის ბაღები ხმობა, განსაკუთრებით გურია-სამეგრელოს რეგიონში და ესეც მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება სექტორისთვის“, - აცხადებს ლევან ქარდავა.

მისივე თქმით, ქართული თხილის სექტორის ძირითადი პრობლემა მცირე მიწიანობაა. კერძოდ, ოფიციალურად რეგისტრირებულია 40 ათასამდე ფერმერი და საშუალო ბაღი 0.4-06 ჰექტარია, რის გამოც მოვლის დაინტერესება მათ გაცილებით ნაკლები აქვთ, ვიდრე დიდი ბაღის ქონის შემთხვევაში ექნებოდათ.

„გამოწვევაა ისიც, რომ როცა ფერმერი მიდის აგრომაღაზიაში, სათანადო კონსულტაციას ვერ იღებს, ხშირ შემთხვევაში არასწორ პრეპარატებს ყიდულობს. შესაბამისად, შედეგებს ვეღარ იღებს. პრობლემაა ისიც, რომ როცა ერთი ფერმერი ებრძვის ფაროსანას და მისი მეზობელი არაფერს აკეთებს, მშრომელი ფერმერის მოსავალი მაინც ზიანდება“, - აღნიშნავს ლევან ქარდავა.