საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ძირითად შედეგებს აქვეყნებს.

როგორც საქსტატის ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში.

„2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან (3 713 804 კაცი) შედარებით 5.8 პროცენტით (215 777 კაცი) მეტია.

2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 455 444 კაცი (62.5 პროცენტი), ხოლო სოფლის მოსახლეობამ – 1 474 137 კაცი (37.5 პროცენტი). საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის ზრდამ 15.7 პროცენტი (332 821 კაცი), ხოლო სოფლის მოსახლეობის კლებამ 7.4 პროცენტი (117 044 კაცი) შეადგინა. შედეგად, 2014 წლის აღწერასთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქი/სოფლის სტრუქტურა – ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 5.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 62.5 პროცენტს გაუტოლდა.

2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ქ. თბილისში მოსახლეობის რიცხოვნობა 1 331 485 კაცით განისაზღვრა, რაც 2014 წლის აღწერის შედეგად მიღებულ მონაცემებს 20.1 პროცენტით (222 768 კაცი) აღემატება.

2014 წლის აღწერასთან შედარებით, მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მატება, ქ. თბილისის გარდა, დაფიქსირდა აჭარის ა.რ.-ში (20.7 პროცენტი) და ქვემო ქართლის რეგიონში (4.2 პროცენტი). დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელი შემცირდა, კერძოდ: ყველაზე მეტი კლება დაფიქსირდა გურიის რეგიონში – 9.7 პროცენტი და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 7.6 პროცენტი. მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება ასევე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (6.8 პროცენტი), კახეთში (4.6 პროცენტი) და იმერეთში (4.3 პროცენტი).

2014 წლის აღწერასთან შედარებით, ყველაზე მაღალი ზრდა ქ. ბათუმში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა 54.2 პროცენტით გაიზარდა და 235 668 კაცი შეადგინა. მნიშვნელოვანი ზრდა ასევე გამოვლინდა ყაზბეგის (28.8 პროცენტი), ლენტეხისა (17.5 პროცენტი) და მარნეულის მუნიციპალიტეტებში (11.0 პროცენტი). დადებითი დინამიკა შეინიშნებოდა ასევე ქ. ქუთაისსა (9.0 პროცენტი) და ქ. რუსთავში (5.6 პროცენტი).

2014 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ხულოს (29.9 პროცენტი) და შუახევის (26.2 პროცენტი) მუნიციპალიტეტებში. მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ტენდენცია შეინიშნებოდა ასევე ცაგერის (18.2 პროცენტი), წყალტუბოს (15.1 პროცენტი) და ტყიბულის (14.9 პროცენტი) მუნიციპალიტეტებში“, - წერია საქსტატის ინფორმაციაში.

საქსტატის ინფორმაციით, აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია, ხოლო სასოფლო-სამეურნეო აღწერას დაექვემდებარა ყველა ის შინამეურნეობა და იურიდიული პირი, რომელსაც 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მიწა, ან ჰყავდა პირუტყვი, ფრინველი ან ფუტკრის ოჯახი, მიუხედავად იმისა, საანგარიშო წელს აწარმოა თუ არა რაიმე სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.

აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან – 31 დეკემბერი) – კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI). ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ დასახლებაში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო გართულდებოდა საველე სამუშაოების ჩატარება, მესტიის, ყაზბეგის, ლენტეხის, ნაწილობრივ ახმეტისა (ომალოს ადმინისტრაციული ერთეული) და დუშეთის (გუდამაყრის, მაღაროსკარის, უკანაფშავის, ქვეშეთის, შატილისა და ხევსურეთის ადმინისტრაციული ერთეულები და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები) მუნიციპალიტეტებში აღწერა ჩატარდა 2024 წლის სექტემბერში.