რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ თაი სიბოშვილთან ერთად, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის პროცესზე ისაუბრეს.
გადაცემის სტუმრები იყვნენ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვახო თავდგირიძე და ამავე კოლეჯის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი რევაზ ბიწკინაშვილი.
როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა აღნიშნა, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის შენობას სამუზეუმო და სასწავლო დატვირთვა აქვს.
„2015 წელს კოლეჯს მიენიჭა უძრავი ქონების მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ჩვენი კოლეჯის ტერიტორია, რომელიც 20 ჰა-ს ითვლის, არის უძველესი სასწავლებელი, რომელშიც მოღვაწეობდა ილია წინამძღვრიშვილი და ამ შენობას სამუზეუმო დატვირთვის გარდა, სასწავლო ფუნქციაც აქვს. კოლეჯის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2022 წელს.
ამ შენობის გვერდით არის მევენახეობა-მეღვინეობის ცენტრი, რომლის რეაბილიტაცია გასულ წელს დასრულდა და ეს ცენტრი აღჭურვილია ყველანაირად, რითაც მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამით გათვალისწინებული ყველა სასწავლო მიზანი მიიღწევა“,- განაცხადა ვახო თავდგირიძემ.
მისი თქმით, მიმდინარე სეზონზე, გასულ წლებთან შედარებით, კოლეჯში სწავლის მსურველების რაოდენობა გაზრდილია.
„პირველი აპლიკანტები 2016 წელს მივიღეთ. მიღება გამოცხადებული იყო 3 პროგრამაზე, მათ შორის 2 იყო დუალური და 1 მოდულური.
კოლეჯში გვაქვს როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ნაწილის შესწავლის შესაძლებლობა. თეორიული ნაწილის შესწავლა მიმდინარეობს აუდიტორიებში, ხოლო პრაქტიულის - მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე. ამჟამად მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამაზე მიმდინარეობს პრაქტიკული სამუშაოები: ვაზისთვის ზედმეტი ფოთლების მოცილება, წამლობა და კულტივაცია. ჩვენი სტუდენტები ყველაფერს თავისი ხელით აკეთებენ.
2024 წლის რეგისტრაციის პროცესი ორ ეტაპად მიმდინარეობს, საგაზაფხულო და საშემოდგომო. საგაზაფხულო მიღება გამოცხადებულია 6 პროგრამაზე: ელექტრობა, სატყეო საქმე, ინფორმაციული ტექნოლოგია, ბუღალტერია და მევენახეობა-მეღვინეობა.
მომართვიანობა გასულ წლებთან შედარებით ძალიან მაღალია. დაახლოებით 98 აპლიკანტზე გვაქვს გამოცხადებული მიღება და ამჟამინდელი მონაცემებით ყველა პროგრამაზე გვაქვს კონკურსი“, - განაცხადა ვახო თავდგირიძემ.
პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი რევაზ ბიწკინაშვილის განმარტებით, კოლეჯის ძირითადი მიმართულება სოფლის მეურნეობაა, თუმცა შრომის ბაზრის ანალიზიდან გამომდინარე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოიკვეთა მოთხოვნა ისეთ პროფესიებზე როგორიცაა სასმელების წარმოება, ბუღალტერია, სასტუმრო მომსახურება, შესაბამისად კოლეჯმა აღნიშნულ მიმართულებებზე სასწავლო პროგრამები დაამატა.
გარდა ამისა, კოლეჯს აქვს სამკერვალო წარმოებისა, კულინარიის ხელოვნების და მეფუტკრეობის სასწავლო პროგრამები.
„როგორც იცით, ამჟამად მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი და ჩვენთან არის შემდეგი სიტუაცია, რომ არავინ ამბობს, მოვიფიქრებ და მოვალ, როდესაც ჩვენთან მოდიან, რჩებიან. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენმა სტუდენტებმა მაღალი ხარისხის პროფესიული განათლება მიიღონ“, - აღნიშნა რევაზ ბიწკინაშვილმა.
მისი თქმით, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის პროგრამებიდან, დასაქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მევენახეობა-მეღვინეობას აქვს. ასევე ბიზნესის მხრიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა სატყეო საქმისა და ელექტრობის მიმართულების სპეციალისტებზე.