თბილისსა და შემოგარენში საცურაო აუზების უმრავლესობაში ფასები წლიდან წლამდე იზრდება, ხარისხი და სერვისი კი ძირითადად იგივე რჩება. წელსაც როგორც ეკონომ, ისე პრემიუმ ხარისხის აუზების ნაწილი საშუალოდ 5-20 ლარით გაძვირდა.

უფრო კონკრეტულად, თუ 2024 წელს ერთი დღის ფასი, აუზის მოცულობის, კვირის დღეებისა და მომსახურების ხარისხის მიხედვით, 30 ლარიდან (2023 წელს 20 ლარიდან) იწყებოდა, წელს, ანალოგიური პრინციპით, 40 ლარიდან იწყება. კერძოდ, შარშანდელ სეზონზე, ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით აუზები საშუალოდ, 30-70 ლარი ღირდა (იმის წინა სეზონზე 35-50 ლარი), წელს 40-90 ლარია.

აუზების ადმინისტრაციებში მომსახურების გაძვირებას ხარჯების ზრდას უკავშირებენ. მათი თქმით, აუზის მოწესრიგებისა და მოვლისთვის საჭირო ყველა პროდუქტის ფასმა კიდევ მოიმატა.

ამის პარალელურად, მომხმარებლები ხშირად დგებიან იმ რეალობის წინაშე, როდესაც აუზის ტერიტორიაზე კვების მომსახურებაში არჩევანი არ აქვთ, ფასები კი შესვლის ღირებულებას ბევრად აჭარბებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროდუქციის გარედან შეტანა თითქმის ყველა აუზზე კატეგორიულად აკრძალულია. მართალია, ზოგადად, საკვებ და სასმელ პროდუქტებზე ღირებულებას თავად კვების ობიექტი განსაზღვრავს და მომხმარებელი თავად წყვეტს, რომელია მისთვის უფრო მისაღები, მაგრამ აუზების შემთხვევაში, ხშირად კოლოსალური ფასები მოულოდნელია და ამასთან, ყველა მოლოდინს აჭარბებს.

ირღვევა თუ არა ამ დროს მომხმარებლის უფლებები, „ბიზნესპრესნიუსმა“ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს მიმართა.

სააგენტოს განმარტებით, ზოგადად, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი არ არეგულირებს მომსახურების ფასებს ან კვების არჩევანის მოცულობას, თუმცა მოითხოვს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ იყოს დამაბნეველი და არაზუსტი. მათი თქმით, ყველა ობიექტი ვალდებულია, მომსახურებისა და შეთავაზებული სერვისების შესახებ ინფორმაცია დეტალურად გასცეს. სხვა შემთხვევაში, ეს შესაძლოა, ჩაითვალოს უსამართლო კომერციულ საქმიანობად, რაც არღვევს მომხმარებლის უფლებებს.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, მოვაჭრეს (ამ შემთხვევაში, აუზის ადმინისტრაციას) ეკისრება ვალდებულება, მომხმარებელს წინასწარ, მკაფიოდ და გასაგებად მიაწოდოს ყველა არსებითი ინფორმაცია შეთავაზებული საქონლისა თუ მომსახურების შესახებ, მათ შორის:

  • აუზზე შესვლის ღირებულება და ფასში გათვალისწინებული მომსახურების მოცულობა
  • არის თუ არა დამატებითი შეზღუდვები, მაგალითად, კვების შეტანის აკრძალვა;
  • თუ ადგილზე კვება/სასმელი შესაძლებელია მხოლოდ ობიექტის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მხოლოდ კონკრეტული მომწოდებლით, ეს ინფორმაცია წინასწარ უნდა იყოს მოცემული, რათა მომხმარებელმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი არ არეგულირებს მომსახურების ფასებს ან კვების არჩევანის მოცულობას, თუმცა მოითხოვს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ იყოს დამაბნეველი და არაზუსტი. თუ მომხმარებელს წინასწარ არ მიეწოდა ინფორმაცია შეზღუდვებზე ან მომსახურების მოცულობაზე, ეს შესაძლოა ჩაითვალოს უსამართლო კომერციულ საქმიანობად, რაც არღვევს მომხმარებლის უფლებებს“,- განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოში.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი