სვანეთში, მესტიაში მდებარე "მთის ქოხების" დამფუძნებლის, ეკატერინე ჯაფარიძის ინფორმაციით, დასასვენებელი ობიექტი ამჟამად 80%-იანი დატვირთულობით მუშაობს.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ეკატერინე ჯაფარიძე აღნიშნავს, სვანეთში დასვენებაზე მოთხოვნა გაიზარდა, ხოლო წინასწარი ჯავშნები განსაკუთრებით უცხოელების მხრიდან არის.

"5 ხის კოტეჯი და კაფე გვაქვს, თითო კოტეჯი 4 ადგილიანია. "მთის ქოხები" მესტიაში, საბაგიროს გვერდით მდებარეობს, არაჩვეულებრივი მდებარეობა აქვს, ირგვლივ ნაძვნარია და მთლიანი მესტია ჩანს. როდესაც ბიზნესის იდეა გაგვიჩნდა, ქალაქში მსგავსი ტიპის ხის კოტეჯები არ იყო და ინოვაცია გახლდათ... მესმის და გასაგებია, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები, მაგრამ თემატურად სვანეთთან ჩვენი კომპლექსი ძალიან ახლოს დგას, შესაბამისად, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ იდეამ გაამართლა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით, 10%-ით გაიზარდა,  ჯერ სეზონი ახლა შედის ეშხში, მაგრამ დადებითი დინამიკა გვაქვს. აღნიშნულ ზრდის მიზეზი კომპლექსურია - კერძოდ, ჩვენს შესახებ მომხმარებლები უკვე ინფორმირებულია, ხშირად ერთი და იმავე სტუმრები გვიბრუნდებიან, მათ შორის უცხოელებიც. მოგეხსენებათ, მოთხოვნა ზოგადად, სვანეთზე დიდია, ამასთან სწორი მარკეტინგული კამპანია და ა.შ.

ვიზიტორებს, რაც შეეხება - როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე უცხოელების წილი 50%-50%-ზე. უცხოელები ყველა ქვეყნიდან არიან: ბელარუსი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ. აგვისტოში უკვე წინასწარი ჯავშნები გვაქვს, განსაკუთრებით უცხოელების მხრიდან, კარგად იცით, რომ მათ თავისუფალი დროის დაგეგმვა წინასწარ მოსწონთ", - აღნიშნავს ეკატერინე ჯაფარიძე.

ცნობისთვის, მესტიაში, "მთის ქოხები" ადგილობრივ ბაზარზე უკვე 6 წელია ოპერირებს.

წყარო: ბიზნესპარტნიორი