2024 წლის მარტს დაანონსებული ონლაინ-უნივერსიტეტის კონცეფციის და სტანდარტის შემუშავება, 2026 წლის ნაცვლად, 2028 წლის 1 იანვრამდე გადავადდა. შესაბამისი ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შედის.

ინიციირებული კანონპროექტით, მოქმედი დირექცია იცვლება შემდეგნაირად: „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალოს, 2028 წლის პირველ იანვრამდე შეიმუშაოს ონლაინ-უნივერსიტეტის კონცეფცია/მოდელი და სტანდარტი“.

ცნობისთვის, აღნიშნულ ცვლილებაზე პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამაც ისაუბრა.

თქვენ იცით, რომ არსებული ცვლილებების მიხედვით, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, ერთ-ერთი ცვლილება ეხებოდა ონლაინ-უნივერსიტეტის კონცეფციასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შექმნას და ამ სტანდარტებთან დაკავშირებით ვითხოვთ, რომ 2028 წლის 1 იანვრისთვის იყოს გადავადებული ონლაინ-უნივერსიტეტის კონცეფციის სტანდარტების შექმნა, რადგან მას სჭირდება დამატებითი ტექნოლოგიური მხარდაჭერა და, შესაბამისად, ამ ნაწილში ამ ცვლილებით გვინდა, რომ გადავადება 2028 წლამდე მოვახდინოთ”, - განაცხადა გაბისონიამ.