ტაივანელი კაცი, რომელიც ბათუმს მსხვილ უცხოელ ინვესტორად გაეცნო, სინამდვილეში საკუთარი ქვეყნიდან 2014 წელს გაქცეული და ამჟამადაც ძებნილი ნარკოდამნაშავე აღმოჩნდა. ამის შესახებ "აი ფაქტის" მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიებიდან ვიგებთ, რომელის ავტორებიც OCCRP, The Reporter, Voice of Democracy, Rappler, "აი, ფაქტი" და "ფლანგვის დეტექტორი" არიან.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ინვესტორი, რომელიც თომას შუს სახელით არის ცნობილი, სინამდვილეში ტაივანში დაბადებული მინგ ჩინ ჰსუა. მან ტაივანი 2014 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც სასამართლომ მეტამფეტამინის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნო;
ტაივანის დატოვების შემდეგ მან ფილიპინებისა და კამბოჯას მოქალაქეობა მიიღო და სახელიც შეიცვალა;
სამი ქვეყნის პოლიცია თომას შუს 2016 წელს 364 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკების გადაზიდვის დაფინანსებაშიც ეჭვმიტანილად მიიჩნევს, რაც აზიის მსხვილ ნარკოსინდიკატს — "სემ გორს" (Sam Gor) უკავშირდება (შუსთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ტაივანსა და კამბოჯას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულება არ არსებობს);
შუ საქართველოში 2021 წელს ჩამოვიდა, როგორც კამბოჯური უძრავი ქონების გიგანტის, "ლიქსინ გრუპის" (Lixin Group) წარმომადგენელი. ის კომპანიის სახელით, მაღალი დონის ღონისძიებებს ესწრებოდა. თუმცა, დღეს Lixin Group-ის ადვოკატები ყველაფერს უარყოფენ და აცხადებენ, რომ შუს მათ ჯგუფთან კავშირი არ ჰქონია;
Lixin-ის ყველაზე ამბიციური პროექტი საქართველოში "ჰალსიონის კოშკები" (Halcyon towers) უნდა ყოფილიყო — ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში. თუმცა, პროექტის დაანონსებიდან 4 წლის შემდეგ მშენებლობა დაწყებულიც კი არ არის. უფრო მეტიც, როგორც ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, Lixin-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული არქიტექტურული ვიზუალიზაციები მნიშვნელოვნად ჰგავს ჩინეთისთვის შექმნილი სხვა პროექტის დიზაინს, რომლის ავტორი ბრიტანელი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი იყო.
2022 წლის მაისში, გადაჭედილი სტადიონის ცენტრში მდგარი, მუქ ლურჯ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი ათასობით გულშემატკივრის ოვაციებით ტკბებოდა. მან საზეიმოდ ჩაიბარა სამახსოვრო ჯილდო, რომლითაც იგი საქართველოს საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის, ბათუმის "დინამოს" საპატიო პრეზიდენტად დასახელდა.
სამახსოვრო დაფაზე მითითებული იყო მამაკაცის ვინაობა — თომას შუ, Lixin Group-ის დამფუძნებელი, რომელიც კამბოჯაში უძრავი ქონების მსხვილი დეველოპერია. ამ კომპანიას ბათუმის "დინამოსთან" მთავარი სპონსორობის შესახებ ხელშეკრულება ახალი გაფორმებული ჰქონდა.
2022 წლის მაისის საფეხბურთო ღონისძიება შუს მიერ განხორციელებული ინვესტიციების ერთგვარი კულმინაცია იყო. ის ახალი ჩამოსული იყო საქართველოში და დიდ დაპირებებს გასცემდა იმის შესახებ, თუ რის გაკეთება შეეძლო მას და Lixin Group-ს საქართველოსთვის.
ქართული მედია საშუალება Primetime-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც ქების ტონით წარადგენდა ინვესტორს, ნათქვამი იყო, რომ შუ, რომელიც თითქოს კამბოჯაში იყო დაბადებულ, შავი ზღვისპირა ტურისტული ქალაქით — ბათუმით იმდენად მოიხიბლა, რომ ოჯახიც კი აქ ჩამოიყვანა. სტატიის მიხედვით, შუ კამბოჯური, სწრაფად მზარდი კონგლომერატის, Lixin Group-ის მეშვეობით 1 მილიარდი ლარის (დაახლოებით, 370 მილიონი დოლარის) ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა. მასალაში ასევე გამოქვეყნებული იყო ფოტოები, სადაც შუ პარტნიორსა და შვილებთან ერთად, კერძო თვითმფრინავში და სამთო-სათხილამურო კურორტზე პოზირებდა. იქვე წარმოდგენილი იყო მისი მთავარი პროექტის, Halcyon-ის არქიტექტურული რენდერი - ტალღოვანი ფორმის ფუტურისტული ცათამბჯენების წყვილი, სახურავზე მოწყობილი ტერასებითა და აუზებით.