2025 წლის III კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 420.9 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 230.8 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 846.9 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით გაზრდილია 144.5 ლარით). ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 498.3 ლარი;

⦁ საშუალო ბიზნესი – 2 801.6 ლარი;

⦁ მცირე ბიზნესი – 2 072.5 ლარი.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 814.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.0 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 57.0 პროცენტი — კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.1 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.9 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 38.0 პროცენტი — მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 758.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 5 624.9 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.1 პროცენტით მეტი).