მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
ბზობის დღესასწაულზე, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში.
ასევე, წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
ბზობა ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.
სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!"
დღესასწაულთან დაკავშირებით მორწმუნეები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო "უფლისთვის მიგებებისა".
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე თქმით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას შეახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.
„კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან გასული წლების მსგავსად, თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები”, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.
ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს.
„გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი - ბზის ალურა. ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.