როგორც მწერალი და ფილოსოფოსი სამუელ ბატლერი 1878 წელს წერდა, „ქათამი მხოლოდ კვერცხის გზაა კიდევ ერთი კვერცხის გასაკეთებლად“. მაშინ, შეიძლება გალაქტიკაც მხოლოდ შავი ხვრელის გზა იყოს კიდევ ერთი შავი ხვრელის წარმოსაქმნელად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პრობლემაში იმის შესახებ, თუ რომელი გაჩნდა უფრო ადრე, როგორც ჩანს, შავი ხვრელი იმარჯვებს.

მთელ სამყაროში, ყველა მასიურ გალაქტიკას, რომელიც კი ოდესმე გვინახავს, ცენტრში სუპერმასიური შავი ხვრელი აქვს. ეს ორი ერთმანეთთან განუყოფლადაა დაკავშირებული – გალაქტიკაში არსებული ყველაფერი შავ ხვრელს კვებავს, რომელიც თავის მხრივ, განსაზღვრავს გალაქტიკის ევოლუციას. თუმცა, კოსმოლოგიაში დიდი ხნის კითხვაა, როგორ დაიწყო ეს სიმბიოზი. ჯერ შავი ხვრელი წარმოიქმნა და შემდეგ გარშემო მატერია შემოიკრიბა, რომლისგანაც გალაქტიკა შეიქმნა თუ გალაქტიკა გაიზარდა და შემდეგ მისი შუაგული კოლაფსირდა, რის შედეგადაც შავი ხვრელი დაიბადა?

ამ კითხვის საკვანძო ნაწილი თითქოს თავად სუპერმასიურ შავ ხვრელთა არსებობის შეუძლებლობაა. ისინი უბრალოდ ზედმეტად დიდებია, რათა არსებობდნენ. ან სულ მცირე ზედმეტად დიდები, რათა მაშინ გაჩენილიყვნენ, როცა გაჩნდნენ — მაშინ, როცა დიდი აფეთქებიდან ჯერ 500 მილიონი წელიწადიც არ იყო გასული. შეიძლება ზრდისთვის საკმარის დროდ მოგეჩვენოთ, მაგრამ სამყაროს ასაკი რომ კალენდარი იყოს, დიდი აფეთქების თარიღი რომ 1 იანვარი იყოს და დღეს 31 დეკემბერი იდგეს, იანვრის შუა რიცხვებში პირველ სუპერმასიურ შავ ხვრელებს უკვე ექნებოდათ მზეზე ასეულობით მილიონჯერ მეტი მასა. ფიზიკის კანონების თანახმად, როგორც ჩვენ ისინი ვიცით, არ არსებობს რაიმე აშკარა გზა, რომლითაც ისინი ასე სწრაფად გაიზრდებოდნენ ამხელები.

თუკი პირველყოფილი შავი ხვრელები რეალურია და ამავე დროს არის მეთოდი, რომლითაც სუპერმასიური შავი ხვრელები ასე მალე გაიზარდნენ ამხელები, ეს ნამდვილად იქნებოდა საბოლოო პასუხი ჯერ ქათამი თუ ჯერ კვერცხის პრობლემაზე. შეუძლებელია გალაქტიკები ასე ადრე წარმოქმნილიყვნენ, როგორც ეს შავი ხვრელები. თუმცა, მათი არსებობის არანაირი მტკიცებულება არ გაგვაჩნია.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის წყალობით, ბოლო წლებში კოსმოსური წელიწადის ისე ახლოდან დაკვირვება შევძელით, ვიდრე ოდესმე; დროის ყოველ მონაკვეთში, რომელსაც ის აკვირდებოდა, უკვე არსებობდა სუპერმასიური შავი ხვრელები. რაც უფრო შორს, დროში უკან ვიხედებით, იცვლება გალაქტიკების სტრუქტურა. ამის ყველაზე დიდი და ახალი მაგალითია ჯეიმს ვების მიერ დაფიქსირებული შორეული გალაქტიკები, რომლებსაც პატარა წითელი წერტილები უწოდეს; ჯეიმს ვებამდე ისინი არასოდეს გვენახა. ამ ტელესკოპმა ასეულობით ასეთი ობიექტი დააფიქსირა. როგორც სახელიც მიუთითებს, ისინი პატარა, წითელი ობიექტებია ჩვენგან ძალიან, ძალიან შორს.

დრო დასჭირდება იმის სრულად დადასტურებას, რომ ისინი სინამდვილეში გალაქტიკებია, მაგრამ ამ ეტაპზე მეცნიერები ამაში საკმაოდ დარწმუნებული არიან. თუ დავიჯერებთ, რომ ისინი გალაქტიკებია, მათ ცენტრებში შავი ხვრელები უჩვეულოდ დიდები უნდა იყოს და წარმოუდგენლად სწრაფად ბრუნავდნენ. არის რამდენიმე სხვა იდუმალებაც, მაგრამ ნამდვილად უცნაურია ამ შავ ხვრელთა ზომა. 2024 წელს, როდესაც მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ამ შავ ხვრელთა მასები სავარაუდოდ არის ამ გალაქტიკათა მასების 20-70 პროცენტი (უმეტესი სუპერმასიური შავი ხვრელის მასა მათი მასპინძელი გალაქტიკის მასის ნახევარზე ნაკლებია) — ამის ახსნა რეალურად გართულდა.

საქმეში კვლავ ჯეიმს ვები ჩაერთო. პლუს, გეომეტრიის დამთხვევამ, რომელმაც გააძლიერა პატარა წითელი წერტილის, სახელად Abell 2744-QSO1-ის სინათლე, ასტრონომებს უპრეცედენტო ხედი მისცა ამ გალაქტიკისა, რომელიც დიდი აფეთქებიდან 700 მილიონი წლის შემდეგ უკვე არსებობდა. მისი ცენტრის გარშემო წარმოუდგენლად სწრაფად მოძრავი გაზის სიჩქარის გაზომვით, ასტრონომებმა Abell 2744-QSO1-ისა და მისი ცენტრალური შავი ხვრელის მასის გამოთვლა შეძლეს — ასეთი რამ აქამდე არასოდეს მომხდარა დიდი აფეთქებიდან მილიარდზე ნაკლები წელიწადის შემდეგ არსებულ შავ ხვრელთა შემთხვევაში. როგორც აღმოჩნდა, მისი შავი ხვრელი დაახლოებით 50 მილიონი მზის მასისაა. მთლიანი გალაქტიკა კი დაახლოებით 75 მილიონი მზის მასის.

ამის ახსნის მხოლოდ ორი გზა არსებობს — ან პირდაპირი კოლაფსი, ან პირველყოფილი შავი ხვრელიდა არცერთი მათგანი არაა ჩართული შავ ხვრელამდე ჯერ გალაქტიკის ფორმირებაში. ამიტომ, როგორც ჩანს, ამ კონკრეტული გალაქტიკის ცენტრში არსებული შავი ხვრელი სულ მცირე არის კვერცხი და ის პირველი გაჩნდა. პრობლემა გადაჭრილია.

ვრცლად: 1tv.ge