საქართველოს მთავრობამ „ერთიანი ჯანმრთელობის სისტემის განვითარების 2023 − 2025 წლების სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცა.

გეგმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონების შესაბამისად დამტკიცდა. გეგმის თანახმად, მისი მიზანია ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის მულტისექტორული დანერგვის ხელშეწყობა, აღმოცენებად ზოონოზურ დაავადებებთან დაკავშირებული რისკების პრევენციის და რეაგირების სისტემის გაუმჯობესება.

კერძოდ, ენდემური ზოონოზური დაავადებების (ადამიანისა და ცხოველის საერთო დაავადება) მართვის გაუმჯობესება, სურსათის უვნებლობის რისკების პრევენციისა და პასუხის სისტემის გაუმჯობესება, ამრ-ის (ანტიმიკრობული რეზისტენტობის) კონტროლის გაუმჯობესება ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების გამოყენებით, ეკოსისტემებისა და გარემოს ჯანმრთელობის ინტეგრირების ხელშეწყობა ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომაში.

გეგმის მიხედვით, ამ წლების განმავლობაში უნდა შემცირდეს ბრუცელოზის და ჯილეხის ინციდენტობა, ცოფის შემთხვევები კი 0 უნდა იყოს.

ასევე გათვალისწინებულია იმ ინსპექტირებული ბიზნესოპერატორების პროცენტული მაჩვენებლის ზრდა, რომელიც შესაბამისობაშია სურსათის უვნებლობის შესაბამის რეგულაციებთან.

გეგმა ითვალისწინებს გარემოსდაცვითი მონაცემთა ბაზების შექმნას და მათ დაკავშირებას დაავადებათა მონაცემთა ბაზებთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ადგილობრივი სამსახურების, განათლების სამინისტროს რესურსცენტრების და ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა უწყებების წარმომადგენლების ერთიანი ჯანმრთელობის კონტექსტში გარემოს და ჯანმრთელობის სფეროებში ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებას.

გეგმის შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება ფერმებში და მათ მომსახურე პერსონალში ზოონოზური და გადამტანებით გადაცემად დაავადებებზე ზედამხედველობის, მათი ადრეული გამოვლენისა და რეაგირების სისტემების დანერგვა. გაუმჯობესდება ჯანმრთელობის დაცვისა და ვეტერინარიის სექტორებს შორის ზოონოზური და გადამტანებით გადაცემადი ინფექციების შესახებ ინფორმაციისა და მონაცემთა გაცვლა.

დაავადებების კერებში მცხოვრები მოსახლეობისთვის კი ყოველწლიურად ჩატარდება ცნობიერების ამაღლების კამპანიები.

გეგმის თანახმადვე, განხორციელდება სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის აკრედიტაცია სურსათში და ცხოველთა ფერმებიდან აღებულ ნიმუშებში ამრ-ის კვლევებზე.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთიანი ჯანმრთელობის სისტემის განვითარების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება ზოონოზური დაავადებების, ამრ-ისა და საკვების უვნებლობასთან დაკავშირებული რისკების პრევენცია, დაიხვეწება მათი იდენტიფიცირების სისტემა და გაძლიერდება რეაგირების შესაძლებლობების მექანიზმები,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

გეგმის მიმოხილვითი ნაწილის თანახმად, ინფექციური დაავადებები გლობალური ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აღმოცენებული ინფექციები შეიძლება გამოწვეული იყოს პათოგენების ევოლუციის შედეგად ან ახალი პათოგენებით. გეგმაში ნათქვამია, რომ ზოონოზური წარმოშობის ვირუსის SARS-CoV-2-ის მიერ გამოწვეულმა COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიოს ნათლად დაანახა ინფექციურ სნეულებებთან დაკავშირებული საფრთხეები.

„მრავალი მეცნიერის და დარგის ექსპერტის აზრით, პანდემიის პოტენციალის მქონე პათოგენების აღმოცენება მომავალშიც გაგრძელდება. მსგავსი პათოგენების და ამრ-ის გავრცელებას ხელს უწყობს მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, კლიმატის ცვლილებები, ტურიზმისა და ვაჭრობის განუხრელი ზრდა, გლობალიზაციასთან ასოცირებული ფაქტორები, აქამდე აუთვისებელ ადგილებში ადამიანების მოღვაწეობა და სხვა. აღნიშნული საფრთხეების მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომას,“ - ვკითხულობთ გეგმაში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უკანასკნელ წლებში, საქართველოს მოსახლეობაში აღინიშნება ზოგიერთი ზოონოზური დაავადების შემთხვევების მატება, ხოლო მეორეს მხრივ კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ამრ-ის ზედამხედველობა და კონტროლი.

სამოქმედო გეგმის საპროგნოზო ბიუჯეტი შეადგენს 34,806,100 ლარს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება 31,383,600 ლარი (90.2%), საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ 800,000 ლარი (2.3%), ხოლო 2,622,500 ლარი (7.5%) წარმოადგენს არასაკმარის რესურსს.

წყარო: ჯანდაცვა