უკრაინის სახელმწიფო ქონების მართვის ფონდმა უარი თქვა მასშტაბური საპრივატიზაციო ობიექტის - სახელმწიფო სააქციო საზოგადოება „სამშენებლო კომპანია „უკრბუდის“ აქციების 100%-იანი წილის, ქართველი ბიზნესმენის კომპანიისთვის მიყიდვაზე და მიზეზად სანქცირებულ პირებთან მისი კავშირი დაასახელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ქართველი ბიზნესმენის, დავით ბეჟუაშვილის კომპანია Petro oil and chemicals-ი, რომელმაც ფონდს „უკრბუდისთვის“ 805 მილიონი გრივნა ანუ დაახლოებით 20 მლნ დოლარი შესთავაზა, 30 ივნისს დისკვალიფიცირებული იქნა ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტისგან მემორანდუმის მიღებისა და გამარჯვებულისთვის შეზღუდვების დაწესების შემდეგ, როგორც ეს განსაზღვრულია პრივატიზაციის შესახებ კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მე-11 პუნქტით.

„ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომები (სანქციები) უკრაინის „სანქციების შესახებ“ კანონის შესაბამისად, ასევე მათთან დაკავშირებული პირები, არ შეიძლება იყვნენ მყიდველები“, - წერია კანონში.

პრივატიზაციის უფლება გადაეცა შპს „ტექნო-ონლაინს“, რომელმაც ერთი გრივნათი ნაკლები შეთავაზება ჰქონდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია Petro oil and chemicals-ი, რომელიც წარმოადგენს ბიზნესს კვიპროსულ-ქართული ფესვებით, სახელმწიფო „სამშენებლო კომპანია „უკრბუდის“ აქციების ყიდვას 20 მლნ დოლარად გეგმავდა.