საქართველოში სასკოლო პროცესი ნაწილობრივ უკვე დაიწყო. ტრადიციულად, კერძო სკოლებში სწავლა ერთი კვირით ადრე იწყება, გამონაკლისი არც წლევანდელი წელი გახდა. ხოლო მთლიანად სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება.
საჯარო და კერძო სკოლებს შორის, წინამოსამზადებელი პერიოდიც განსხვავებულია, ისევე, როგორც სასწავლო პროცესის დეტალები. სწავლის დაწყებამდე, საფასურის გარდა, კერძო სკოლებში არსებობს სხვა ფინანსური ვალდებულებებიც, მათ შორის წიგნების, ფორმების (სადაც არის), ტრანსპორტირების და ა.შ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ ერთ-ერთი კერძო სკოლის მოსწავლის მშობელი ყვება, სწავლის გადასახადის გარდა, აუცილებელ ხარჯებს შორის არის ფორმის თანხა, რომელიც დაახლოებით 500 ლარი ჯდება, წიგნები და რვეულები - 461 ლარი და სკოლის ავტობუსით სარგებლობა - წელიწადში 2000 ლარის ოდენობით.
განსხვავებული რიცხვები დაგვისახელა სხვა სკოლის მშობელმა, რომელმაც გვითხრა, რომ წიგნებში წელს 160 ლარი გადაიხადა და მისი ხარჯებიც სწორედ აქ დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ არსებობს სკოლები, სადაც ზემოთხსენებული ხარჯები სწავლის საფასურში შედის, რაც ბუნებრივია იმას ნიშნავს, რომ გადასახადი უფრო მაღალია.
რაც შეეხება საჯარო სკოლებს, აქ სწავლა უფასოა, წიგნებს მოსწავლეებს სახელმწიფო გადასცემს, რომლებსაც სწავლის დასრულების შემდეგ, წლის ბოლოს უკან აბარებენ. ხარჯად კი წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობა სახელდება - ვიზიტი თეატრში, მუზეუმში, ექსკურსია და ა.შ.
შესაბამისად, წინასასკოლოდ საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის ხარჯად საკანცელარიო ნივთები, ჩანთა და სხვა აუცილებელი ნივთები სახელდება.
მაგალითად, ჩანთის შეძენა საკმაოდ ბიუჯეტურად, 15 ლარიდან არის შესაძლებელი ამა თუ იმ ბაზრობასა თუ მაღაზიაში და მისი ზედა ზღვარი საკმაოდ მაღალიც შეიძლება იყოს, ხარისხის მიხედვით.
რაც შეეხება საკანცელარიო ნივთებს, ფასები აქაც შედარებითია და წინასასკოლოდ ბევრ ქსელურ მაღაზიებშია მათზე აქციები - როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საჯარო სკოლის მშობელმა განაცხადა, წელს მან ნივთები ორი ბავშვისთვის შეიძინა, საიდანაც საკანცელარიო ნივთების ხარჯებმა 140 ლარს მიაღწია, ჩანთები 30 და 50 ლარად იყიდა, ხოლო წინასასკოლო ტანსაცმელში, რომელიც ბაზრობაზე შეიძინა, დაახლოებით 300 ლარი დახარჯა.