მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ ChatGPT გამოჩნდა, ფართო განხილვის საგანი გახდა, თუ რა გავლენას ახდენს სწავლაზე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები (AI). პერსონალიზებული განათლების მოხერხებული ინსტრუმენტია თუ აკადემიური არაკეთილსინდისიერებისკენ მიმავალი გზა?

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაჩნდა შეშფოთება იმის შესახებ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მიგვიყვანს ფართოდ გავრცელებულ „დამუნჯებასთან“, ანუ კრიტიკული აზროვნების უნარის შესუსტებასთან. ირწმუნებიან, რომ თუ სტუდენტები AI ხელსაწყოებს ზედმეტად ადრე გამოიყენებენ, შეიძლება ვერ განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის საბაზისო უნარები.

არის თუ არა მართლაც ასე? მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, ნამდვილად ასე ჩანს. მკვლევართა განცხადებით, ChatGPT-ის გამოყენებით ესების წერამ შეიძლება გამოიწვიოს „კოგნიტური ვალი“ და „სასწავლო უნარების სავარაუდო შემცირება“.

კონკრეტულად რა დაადგინა კვლევამ?

განსხვავება ხელოვნური ინტელექტისა და მხოლოდ ტვინის გამოყენებას შორის

ოთხი თვის განმავლობაში, მასაჩუსესტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჯგუფმა 54 ზრდასრულს სთხოვა, სამი ესეს სერია დაწერა ხელოვნური ინტელექტის (ChatGPT), საძიებო ძრავის ან საკუთარი ტვინის („მხოლოდ ტვინის“ ჯგუფი) გამოყენებით. კოგნიტური ჩართულობა ჯგუფმა გაზომა თავის ტვინში ელექტრული აქტივობის შესწავლითა ესეების ლინგვისტური ანალიზით.

ვინც ხელოვნურ ინტელექტს იყენებდა, მათი კოგნიტური ჩართულობა მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე დანარჩენი ორი ჯგუფის. ამ ჯგუფს ასევე უჭირდა ციტატების გახსენება თავიანთ ესებიდან და დაბალი ჰქონდათ მათ მიმართ საკუთრების აღქმა.

საინტერესოა, რომ მონაწილეებმა ბოლო, მეოთხე ესეში როლები გაცვალეს (მხოლოდ ტვინის ჯგუფმა AI გამოიყენა და პირიქით). AI-დან ტვინზე გადასულმა ჯგუფმა დავალება ყველაზე ცუდად შეასრულა და ჰქონდა ჩართულობა, რომელიც ოდნავ უკეთესი იყო ვიდრე სხვა ჯგუფებისა პირველი სესიისას — გაცილებით დაბალი ჩართულობა, ვიდრე მხოლოდ ტვინის ჯგუფს ჰქონდა მესამე სესიისას.

ავტორები ირწმუნებიან, რომ ასეთი შედეგები წარმოაჩენს, როგორ მიიყვანა AI-ს გახანგრძლივებულმა გამოყენებამ მონაწილეები „კოგნიტური ვალის“ დაგროვებასთან. როცა მათ საბოლოოდ მიეცათ საკუთარი ტვინის გამოყენების შესაძლებლობა, ვერ შეძლეს ისე კარგად ჩართულობა და დავალების შესრულება, როგორც დანარჩენმა ორმა ჯგუფმა.

ავტორები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ 18 მონაწილემ (ექვსი თითო პირობაზე) დაასრულა მეოთხე, საბოლოო სესია. შესაბამისად, შედეგები პირველადია და შემდგომ შემოწმებას საჭიროებს.

ნიშნავს თუ არა ასეთი შედეგები იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი გვასულელებს?

შედეგები არ ნიშნავს იმას, რომ სტუდენტებს, რომლებიც AI-ს იყენებენ, აუცილებლად უგროვდებათ „კოგნიტური ვალი“.უფრო შეიძლება ითქვას, რომ შედეგების მიზეზია კვლევის კონკრეტული დიზაინი.

პირველი სამი სესიისას მხოლოდ ტვინის ჯგუფში ცვლილება ნერვულ კავშირში სავარაუდოდ გამოწვეული იყო იმით, რომ მათ უკეთ გაიცნეს კვლევის ამოცანა — ფენომენი, რომელსაც ფამილიარიზაციის ეფექტი ეწოდება.

როდესაც კვლევის მონაწილეები იმეორებენ დავალებას, უფრო ნაცნობები და ეფექტიანები ხდებიან, ამის შესაბამისად ერგება მათი კოგნიტური სტრატეგიაც.

როდესაც AI-ს ჯგუფმა საკუთარი ტვინის გამოყენება დაიწყო, დავალება მათ ერთხელ შეასრულეს. შედეგად, არ შეეძლოთ დამთხვეოდნენ სხვა ჯგუფების გამოცდილებას. მათ ოდნავ უკეთეს ჩართულობას მიაღწიეს, ვიდრე მხოლოდ ტვინის ჯგუფმა პირველ სესიაში.

იმისათვის, რათა მკვლევართა პრეტენზიები სრულად შეფასდეს, საჭიროა, რომ AI-დან ტვინზე გადასულ მონაწილეებს ასევე შეესრულებინათ წერის სამი სესია AI-ს გარეშე.

ასევე, ის ფაქტი, რომ ტვინიდან AI-ზე გადასული ჯგუფი ChatGPT-ს უფრო პროდუქტიულად და სტრატეგიულად იყენებდა, სავარაუდოდ განპირობებულია მეოთხე წერითი დავალების ბუნებით, რაც მოითხოვდა წინა სამი თემიდან ერთ-ერთზე ესეს დაწერას.

ვინაიდან AI-ს გარეშე წერა უფრო არსებით ჩართულობას მოითხოვდა, ისინი უკეთესად იხსენებდნენ, რა დაწერეს წარსულში. შედეგად, ისინი ხელოვნურ ინტელექტს ძირითადად იყენებდნენ ახალი ინფორმაციის მოსაძებნად და წინათ დაწერილის დასახვეწად.

ვრცლად პირველ არხზე