21-ე საუკუნეში ხარისხი იზომება კონკრეტულ ციფრებში და არ არის დამოკიდებული შეგრძნებებსა თუ სუბიექტურ შეხედულებებზე, თუმცა, ჩვენთან სამედიცინო მხარდაჭერის ხარისხის კვლევაზე არავინ ზრუნავს, - ასეთია ჯანდაცვის სპეციალისტ ვახტანგ კალოიანის შეფასება, რომელმაც ჯანდაცვაში არსებულ მდგომარეობაზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.
ჯანდაცვის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ პრობლემები მრავალმხრივია. საკუთრივ ხარისხი, რომლის მთავარი გამოწვევაც მისი არაობიექტივიზაციაა. გარდა ამისა, პრობლემებს წარმოშობს კონკურენციის შეზღუდვა და სახელმწიფოს მხრიდან არასწორი სტიმულების გაჩენა.
„ჩვენ რეალურად არ ვზომავთ ხარისხს, რეალურ ციფრებში არ ვიცით, რა მდგომარეობა გვაქვს ჰოსპიტალურ სექტორში, პირველად ჯანდაცვაში, სერვისების ეფექტიანობაში. მთავარია ობიექტური თვლადი ინდიკატორებით ხარისხის შეფასება, რათა დავინახოთ რეალური სურათი, გამოწვევები და შესაბამისად დავგეგმოთ ცვლილებები. ეს არის ხარისხის უზრუნველყოფის კლასიკა.
მეორე საკითხია სახელმწიფო პოლიტიკის პრობლემა, რომელიც ბევრი ათწლეულია მოგვყვება. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მძიმედ იჩინა თავი კონკურენციის შეზღუდვამ და სახელმწიფოს მხრიდან არასწორი სტიმულების გაჩენამ. ვხარჯავთ უზარმაზარ თანხებს, შედეგები კი ძალიან სათუო გვაქვს. მაგალითად, სახელმწიფო იხდის ათეულობით მილიონს ჯანდაცვისთვის და რეალურად არც კი კითხულობს რა ხარისხით იღებს დახმარებას ჩვენი მოქალაქე“, - აცხადებს ვახტანგ კალოიანი.