თაფლოვანი მცენარეების კონვეიერის შექმნა - ეს არის მეფუტკრეობის დარგში არსებული პრობლემების მოგვარების ეფექტიანი საშუალება.
როგორც მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა, ფუტკრის გარეშე მთლიანად სოფლის მეურნეობის განვითარება შეფერხდება. ამდენად, საჭიროა ყველა საჭირო ზომის მიღება, მათ შორის, აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობაც.
„გლობალურმა კლიმატურმა ცვლილებებმა ფუტკრისთვის შექმნა საფრთხე და ფუტკარი განიცდის ერთგვარ შიმშილს. ეს პრობლემა აუცილებლად დასაძლევია, რაც კონვეიერის დახმარებით მოხერხდება. ამის გაკეთებას მთელ საქართველოში ვფიქრობთ, თუმცა დასავლეთ საქართველოში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. ფუტკრის ძირითადი აქტიური სამუშაო ზონა 800 მეტრია. ყველა მეფუტკრე უნდა შეეცადოს, 800 მეტრის რადიუსი რაც შეიძლება უფრო მდიდარი გახადოს თაფლოვანი მცენარეებით“, - აცხადებს ალეკო პაპავა.
მისივე განმარტებით, გლობალური კლიმატური ცვლილებების გამო მცენარეების ყვავილობის პერიოდმაც კი გადაიწია. მაგალითად, აკაციის ყვავილობა დაახლოებით მაისის პირველ პერიოდში იწყებოდა, ბოლო 8-10 წელია, ყვავილობა დაახლოებით შუა აპრილიდან იწყება, რაც ფუტკრებისთვის პრობლემებს ქმნის. გარდა ამისა, პრობლემაა ის, რომ გაიჩეხა ტყეები, ჩნდება მცენარეების სხვადასხვა დაავადება.
„ვცდილობთ, სხვა ქვეყნების მაგალითი გადმოვიტანოთ - ისრაელს აქვს გამოცდილება, სადაც სპეციალურად ითესება შესაბამისი მცენარეები, შემდეგ კი ფუტკარი უბრალოდ, მუშაობს. ეს არის მიზანმიმართული, ასე ვთქვათ, შეთავაზება ფუტკრისთვის. თავისი მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, საქართველოს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს და ამ შესაძლებლობების მხოლოდ 30%-ს თუ ვიყენებთ. საჭიროა დიდი რესურსი და სახელმწიფოს დახმარება. კერძოდ, აუცილებელია ქარსაფარი ზოლების აღდგენა და ამ ზოლებში თაფლოვანი მცენარეების ჩაშენება, რაც არა მხოლოდ ფუტკარს, არამედ სხვა დამამტვერიანებელ მწერებსაც მიიზიდავს. დამტვერვა - ეს არის აუცილებელი მექანიზმი, რითაც საკვებ პროდუქტს ვიღებთ, ხილი იქნება თუ სხვა პროდუქტი. ეს უნდა გაითვალისწინოს სოფლის მეურნეობის ნებისმიერმა მუშაკმა, აგრონომი იქნება თუ - მინისტრი“, - აღნიშნავს ალეკო პაპავა.