ჩვენი განახლებული პროგნოზით, 2026 წელს უმუშევრობის დონე 13.4%- ის დონეზეა მოსალოდნელი (წინა პროგნოზი 13.7%), - ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart კვირის მიმოხილვაში ავრცელებს.
ცნობისთვის, 2026 წლის მე-3 კვარტალში უმუშევრობის დონე წლიურად 0.7პპ-ით შემცირდა და 12.6% შეადგინა. ეს გაუმჯობესება მთლიანი დასაქმების ზრდით იყო განპირობებული, რომელიც წლიურად 0.6%-ით გაიზარდა 1.4 მლნ კაცამდე. ზრდა ორივე კომპონენტში დაფიქსირდა: დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ 0.4%-ით მოიმატა და 979.3 ათასი შეადგინა (მთლიანი დასაქმების 69.7%), თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 1.2%-ით 423.5 ათასამდე გაიზარდა.
„დაქირავებით დასაქმებულთა ზრდის ტემპზე ნაწილობრივ საბაზისო ეფექტი მოქმედებს. 2026 წლის დასაწყისიდან დასრულდა სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, რომლის მონაწილეებიც (დაახლოებით 27 ათასი ადამიანი) გასული წლის მონაცემებში დაქირავებით დასაქმებულებად აღირიცხებოდნენ. ამ ეფექტის გამორიცხვით, დაქირავებით დასაქმება წლიურად დაახლოებით 3.3%-ით გაიზარდა“, - წერია მიმოხილვაში.