2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება – ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.
დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების დეტალური განრიგი
მასწავლებლის გამოცდების დეტალური განრიგი
საერთო სამაგისტრო გამოცდის დეტალური განრიგი
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის დეტალური განრიგი
2025 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სულ მალე დაიწყებს შესაბამისი ინვენტარით საგამოცდო ცენტრების აღჭურვას.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის გამოცდებისათვის 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული“ – ნათქვამია ინფორმაციაში.