დღეს, ეროვნული გამოცდები დაიწყო.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 24 საგამოცდო ცენტრი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემით. დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი მეტროდან საგამოცდო ცენტრებამდე, რომელთა გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის გამოცდებისათვის სულ 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის:

• ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი;

• სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;

• საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;

• მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 24 300-ზე მეტი აპლიკანტი.

2025 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ჩატარდება.ე რთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრანტობის კანდიდატები 21-22 ივლისს ჩააბარებენ.