საკანონმდებლო ცვლილებებით უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება - ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს.
ცენტრის ინფორმაციაში საუბარია დაჩქარებული წესით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი ხდება უფლებამოსილი ორგანო, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან მისი საცხოვრებელი ადგილის ან სამგზავრო დოკუმენტების გადამოწმების მიზნით შეამოწმოს მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი და შევიდეს სხვის კერძო საკუთრებაში სასამართლოს ბრძანების საფუძველზე.
თუკი კერძო საკუთრების თანამესაკუთრე ან თანამფლობელი ან დამსაქმებელი თანახმა იქნებიან შემოწმებაზე, მიგრაციის დეპარტამენტს სასამართლოს ბრძანების გარეშეც შეუძლია ჩაატაროს შემოწმება.
გარდა ამისა, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მიგრაციის დეპარტამენტს შეუძლია დაუყოვნებლივ განახორციელოს ეს ქმედება და სასამართლოს 24 საათის განმავლობაში მიმართოს შუამდგომლობით.
უცხოელის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის შემოწმების დროს მიგრაციის დეპარტამენტი ასევე უფლებამოსილია განახორციელოს პირის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები.
როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს, რომაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები 2025 წლის მაისში მიღებული ცვლილებების გაგრძელებაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ასევე დაჩქარებულად, საზოგადოებრივი განხილვისა და კონსულტაციების გარეშე მიიღო. კერძოდ, წინა ეტაპზე ცვლილებები 18 კანონში შევიდა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გაძევებას, საქართველოში შემოსვლის აკრძალვას, საქართველოში თავშესაფრის პროცედურების გამკაცრებას და სისხლის სამართლის კოდექსში ახალი სასჯელების გაჩენას ითვალისწინებდა.
„თუ ზემოთ აღნიშნული ცვლილებების სამიზნე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებში მონაწილე, კრიტიკულად განწყობილი და სოციო-პოლიტიკურად აქტიური უცხოელები, მათ შორის, უფლებადამცველები და ჟურნალისტები იყვნენ, განსახილველი კანონმდებლობა, ბოლო თვეების განმავლობაში, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური მოძრაობების მიერ დაწყებულ რასისტულ და ისლამოფობიურ ანტიიმიგრაციულ ისტერიას პასუხობს. ამ ეჭვს ამყარებს ბოლო პერიოდში, ძალოვანი სტრუქტურების მიერ განხორციელებული და სახელდახელოდ გაშუქებული არალეგალური მიგრანტების დემონსტრაციული დაკავების ოპერაციებიც. ქართული ოცნების მიერ, რასისტული და ისლამოფობიური ნარატივების გავლენის ქვეშ მყოფი ელექტორატისთვის ულტრამემარჯვენე მოძრაობებთან კონკურენციაში შესვლა უკიდურესად სახიფათოა და მსგავსი ნარატივების კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების საფრთხეს აჩენს, რაც თავის მხრივ ზრდის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რისკს და ქმნის მტრულ გარემოს ყველა უცხოელისთვის, განურჩევლად ლეგალური სტატუსისა“,- აღნიშნავს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
SJC-ის ინფორმაციით, საგულისხმოა, რომ მიგრაციის დეპარტამენტმა ცვლილებით გათვალისწინებული ზომების გატარება ჯერ კიდევ მათ ამოქმედებამდე დაიწყო. კერძოდ, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ 27 ივნისს, უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს საიმიგრაციო წესების დარღვევის გამო კონკრეტული ლოკაციების გადამოწმების შემდეგ. იგივე მოხდა, 30 ივნისს, 14 მიგრანტი.
„მსგავსი პროცესუალური თუ სამართლებრივი გარანტიების არარსებობა აჩენს თვითნებობის მაღალ რისკებს, ასევე ეთნიკური თუ ეროვნული ნიშნით მიღებული დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების რისკებს, რაზეც სასამართლოს კონტროლი პრაქტიკულად, ნულოვანია. სახელმწიფო ინსტიტუტების სრული პოლიტიზირების და უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის სრული უგულებელყოფის პირობებში, მსგავსი საკანონმდებლო ჩანაწერები კიდევ უფრო საშიშ ხასიათს იძენს.
ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებები მიგრაციის საკითხის პოლიციურ და კრიმინალიზებულ ჩარჩოებში აქცევს და სრულად არის დაცლილი ადამიანის უფლებებზე და ჰუმანიზმზე დაფუძნებული მიდგომებისგან. ამასთან აშკარაა, რომ მიგრანტების მიმართ გამკაცრებული კონტროლი არის იარაღი ავტორიტარული რეჟიმის ხელში, რომელსაც ის იყენებს სოციალური უკმაყოფილების მოწყვლად ჯგუფებზე ყურადღების გადატანისთვის და მათი დემონიზებისთვის. მით უფრო, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა სწორედ სახელმწიფოს უსამართლო პოლიტიკების შედეგია და მიგრანტებთან დაკავშირებული შიშები პირველ რიგში და სისტემურად ეკონომიკურია და ის სწორედ არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ წესრიგს უკავშირდება. სამწუხაროდ, ამ რიტორიკას ასევე მკვეთრად პრობლემურად და რასისტულად იყენებს ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერიც, რაც შიშების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების ცალსახა მაგალითია ასევე“,- ნათქვამია SJC-ს ინფორმაციაში.