ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) 2040 წლისთვის არა მხოლოდ მარსზე ადამიანის გაგზავნას, არამედ დედამიწის მიღმა მუდმივი კოლონიების გაშენებას აპირებს. 

სააგენტოს პრიორიტეტებს შორის არის: მთვარესა და მარსზე ავტონომიური დასახლების შექმნა, ორბიტული სადგურების აგება, ახალი თაობის სიცოცხლისთვის აუცილებელი სისტემების დანერგვა, მისიების მართვისთვის ხელოვნური ინტელექტის განვითარება და კოსმოსში საცხოვრებელი ნაგებობების ასაშენებლად 3D ბეჭდვის გამოყენება.

„ეს მხოლოდ გეგმა არ არის, ეს მოქმედებისკენ მოწოდებაა,“ - აღნიშნა ESA-ს გენერალურმა დირექტორმა იოზეფ აშბახერმა სააგენტოს წევრი ქვეყნებისადმი მიმართვაში. მისი თქმით, მომდევნო 15 წელი შეცვლის არა მხოლოდ კოსმოსის ათვისების ხედვას, არამედ ადამიანის როლის აღქმას სამყაროში.

Technology 2040 Vision-ში აღწერილია სცენარი, რომლის მიხედვითაც ადამიანები ცხოვრობენ და მუშაობენ ორბიტაზე, მთვარესა და მარსზე. სტრატეგიის ავტორები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია ისეთი მდგრადი პირობების შექმნა, რომლებიც ადამიანს დედამიწის მიღმა ყოველდღიური ცხოვრების საშუალებას მისცემს.