ინტერპოლის მიერ ე.წ. წითელი ცირკულარით ძებნილი, ვანში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და კომპანია „B.P. TRANS”-ის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში, დააკავეს, თავისუფალია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პაიკიძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, პაიკიძე პატიმრობიდან დაკავების დღესვე, 9 დეკემბერს გათავისუფლდა, თუმცა რა გახდა აღნიშნულის საფუძველი, ადვოკატი ამ ეტაპზე არ საუბრობს.
ბიჭიკო პაიკიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა საქმის პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა 19 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე გააჟღერა. როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი მაშინ აცხადებდა, პაიკიძის საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს, ბიჭიკო პაიკიძეს 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელებულ ქმედებებს ედავებიან. კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100% წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორის ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომლის, იოსებ ჭანჭალეიშვილის დახმარებით, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების - როინ ფოფხაძის, გიორგი კვახაძისა და ირაკლი გალოგრეს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას - 4 184 249 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაიკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული, რის შემდეგაც, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
ipn.ge