28 აპრილს, ვილნიუსის საქალაქო სასამართლოში დაიწყო საქმის განხილვა, რომლის მასალების თანახმად, საქართველოს მოქალაქე მიხეილ ზამთარაძეს ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან XIX საუკუნის განსაკუთრებით ფასეული წიგნების ქურდობაში ედება ბრალი.

სასამართლოში მიხეილ ზამთარაძემ დანაშაული სრულად აღიარა და ასევე განაცხადა, რომ ჰყავს ხუთი შვილი, რომელთაგან ოთხი არასრულწლოვანია. მისივე თქმით, ის მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში, ასევე იბრძოდა უკრაინაში.

„მე სრულად ვაღიარებ ჩემს დანაშაულს წიგნების ქურდობაში“, - აღნიშნა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.

ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მიხეილ ზამთარაძემ 17 წიგნი მოიპარა. მისი განცხადებით, ის მოსკოველი კლიენტის დაკვეთით მოქმედებდა. ბრალდებულმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან ივან კრილოვის, ალექსანდრე პუშკინის, მიხაილ ლერმონტოვისა და ნიკოლაი გოგოლის წიგნები მოიპარა. ზოგიერთი წიგნი მან ყალბი ასლით შეცვალა, რომლებიც დამკვეთმა მოსკოვიდან გაუგზავნა.

წინასწარი გამოძიების თანახმად, 23 წლის მიხეილ ზამთარაძე ლიეტუვაში, პოლონეთში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და საქართველოში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო.

ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ის 2023 წლის მაისში მივიდა, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს თავი მეცნიერად წარუდგინა და ამის დასადასტურებლად, ყალბი დოკუმენტები აჩვენა. ამან მიხეილ ზამთარაძეს საშუალება მისცა, შეეკვეთა დიდი ისტორიული და კულტურული ღირებულების წიგნები იშვიათი გამოცემების კოლექციებიდან და პროფესორების სამკითხველო დარბაზიდან.

გამოძიების დროს შეგროვებული მასალები საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ბრალდებულმა 12 ფასეული წიგნი ყალბი ასლებით შეცვალა, კიდევ ხუთი წიგნი წასაკითხად წაიღო და აღარ დააბრუნა. 17 მოპარული წიგნის ჯამური ღირებულება 600 ათას ევროს აღემატება.

მიხეილ ზამთარაძის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განსაკუთრებით ფასეული წიგნების ქურდობის ფაქტზე, წინასწარი გამოძიების ფარგლებში, ბრალი სულ 3 პირს წაუყენეს. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ორ მათგანთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეები ცალკე წარმოებად გამოიყო.

გამოძიებამ დადგინდა, რომ განსაკუთრებით ფასეული წიგნები ანალოგიურად მოიპარეს საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთისა და შვეიცარიის ბიბლიოთეკებიდან.

იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ქმედებებით სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკები დაზარალდნენ, 2023 წლის ნოემბრიდან „ევროჯასტმა“ განახორციელა სხვადასხვა ქვეყნის პროკურორებისა და გამომძიებლების ქმედებების კოორდინაცია და ხელი შეუწყო მათ შორის ინფორმაციის გაცვლას.

ზემოთ აღნიშნულ დანარჩენ ქვეყნებში წინასწარი გამოძიება განსაკუთრებით ფასეული წიგნების ქურდობის ფაქტზე გრძელდება.

წყარო: 1tv.ge